ყაზახეთის უმსხვილესმა ავიაკომპანიამ, Air Astana-მ, საქართველოში პირდაპირი ფრენების წარმატებით განხორციელების 15 წლის იუბილე აღნიშნა. ავიაკომპანიამ პირველი რეისი ალმათისა და თბილისს შორის 2011 წლის ივნისში შეასრულა. მას შემდეგ ჯგუფმა ეტაპობრივად გააფართოვა საჰაერო ქსელი საქართველოს მიმართულებით, რაც ამჟამად როგორც რეგულარულ, ისე სეზონურ ფრენებს მოიცავს.


მიმდინარე წლის ზაფხულის ტურისტული სეზონის პიკში, FlyArystan-თან ერთად შესრულებული ფრენების ჯამური სიხშირე კვირაში 44 რეისს აღწევს. 2026 წლის ზაფხულში Air Astana Group კვირაში 25 რეისს გვთავაზობს, ხოლო FlyArystan კვირაში 19 ფრენას ახორციელებს.

ავიაკომპანიის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოსა და ყაზახეთს შორის ფრენებით 270 000-ზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა, რაც წინა წელთან შედარებით 17%-იანი ზრდაა.

Air Astana-ში აღნიშნავენ, რომ ყაზახეთი სულ უფრო მნიშვნელოვანი სატრანზიტო ჰაბი ხდება ქართველი მგზავრებისთვის, რაც მათ საშუალებას აძლევს ალმათისა და ასტანას გავლით ცენტრალურ აზიასა და აზიის სხვა მიმართულებებით იმოგზაურონ. Air Astana-ს აქვს სპეციალური პროგრამები სატრანზიტო მგზავრებისთვის, როგორიცაა "Stopover Holiday" და "Mytour", რაც მათ შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს, ერთი მოგზაურობის ფარგლებში ორი ქვეყანა მოინახულონ.
„საქართველო Air Astana-სთვის მნიშვნელოვან ბაზრად რჩება. ჩვენ უკვე ვთავაზობთ მგზავრებს ფართო კავშირებს საქართველოსა და ყაზახეთს შორის და ვაგრძელებთ ახალი შესაძლებლობების განხილვას, რათა კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი სერვისები მგზავრთა მოთხოვნის შესაბამისად“,- განაცხადა Air Astana Group-ის მგზავრთა და ტვირთების გადაზიდვების გაყიდვების დირექტორმა, სერიკ რისულმა.