დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის განცხადებით, ცვლილება „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტიდან გამომდინარეა.

კანონპროექტით ხდება ღვინის ტურიზმის და აგროტურიზმის წახალისება. ამ მიზნით შემოდის საგადასახადო შეღავათები და იგი შეეხება იმ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატება 700 000 ლარს.

„საქართველო ღვინის სამშობლოა და შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებას ხელი შევუწყოთ. სწორედ ამიტომ დადგინდება საგადასახადო შეღავათები, რომლითაც ისარგებლებენ ღვინის და აგროტურიზმის სტატუსის მქონე პირები, რასაც ერთ-ერთი წამახალისებელი ეფექტი ექნება შესაბამის საქმიანობაში ჩართული პირებისთვის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.