საქსტატის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 28.7 პროცენტით შემცირდა.
„კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ განაცხადა, რომ რეექსპორტის შემცირების მთავარი მიზეზი სექტორის მიმართ არსებული არასწორი მიდგომები და პოლიტიკაა.
მისივე თქმით, 6 წელზე მეტი ავტომობილების სეგმენტი, ფაქტობრივად, უცხოელ დილერებს ჩაუვარდათ ხელში.
„ჩვენ 2020 წლიდან ვსაუბრობდით, რომ უცხო ქვეყნის დილერები ქართველ დილერებს არაჯანსაღ კონკურენციას უწევდნენ. ახლა პროცესი კიდევ უფრო გაართულა და დაამძიმა ახალმა კანონმა, რომელიც აქციზის გადასახადის გაზრდასთანაა დაკავშირებული. აქამდე, როცა ქართველ დილერს ავტომობილი ჩამოჰყავდა რეექსპორტისთვის, დაზღვევის საშუალება იყო ქართული ბაზარი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი ქართველი დილერი ვერ გაყიდდა სხვა ქვეყანაში მანქანას, მაშინ იგი შიდა ბაზარზე ცდილობდა გაყიდვას. ახლა როცა გადასახადმა მნიშვნელოვნად მოიმატა, მოთხოვნა შიდა ბაზარზე შემცირდა ამ ავტომობილებზე, შედეგად დილერს დაზღვევის მექანიზმი აღარ აქვს და შესაბამისად ერიდება ამ 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების ჩამოყვანას რეექსპორტის მიზნით.
რბილად რომ ვთქვათ, 6 წლის და მეტი ავტომობილების ბაზრის სეგმენტი ხელში ჩავუგდეთ უცხოელ დილერებს“.- განაცხადა ალექსი ნონიაძემ.