საქართველოში ლუდის მოხმარებამ 2025 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. გასულ წელს ქვეყანაში 141 მილიონი ლიტრი ლუდი მოიხმარეს, რაც ბოლო წლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
„თიბისი კაპიტალის“ კვლევის — „ლუდი და უალკოჰოლო სასმელები“ — მიხედვით, ბაზარზე იმპორტირებული ლუდის წილი ასევე გაიზარდა. 2025 წელს იმპორტირებულმა პროდუქციამ მოხმარების 16% შეადგინა, ადგილობრივი წარმოების ლუდის წილმა კი 84%.
შედარებისთვის, 2024 წელს საქართველოში 132.7 მილიონი ლიტრი ლუდი იყო მოხმარებული. ამ პერიოდში ადგილობრივ წარმოებაზე 88% მოდიოდა, იმპორტირებულზე კი — 12%.
კვლევის თანახმად, ბოლო ხუთ წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე ლუდის მოხმარება 21%-ით გაიზარდა. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 37 ლიტრი იყო, 2023 წელს 44 ლიტრამდე გაიზარდა, ხოლო 2025 წელს 45 ლიტრს მიაღწია.