აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების ახალი კამპანია დაიწყო. ამ ეტაპზე ყურადღება ხუთ ძირითად სფეროზეა გამახვილებული: ავიაცია, ციფრული აქტივები - მათ შორის კრიპტოვალუტა, ოქრო, საზღვაო გადაზიდვები და ტექნოლოგიები. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მიზანია: შეიზღუდოს ის შემოსავალი, რომელსაც ირანის რეჟიმი იყენებს მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმისთვის, საზღვარგარეთ ტერორიზმის მხარდასაჭერად, საკუთარი მოსახლეობის სასტიკად დასამორჩილებლად და გლობალური ეკონომიკის მძევლად შესანარჩუნებლად.

მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ზომები რეჟიმის წინააღმდეგაა მიმართული, ისინი აუცილებლად იმოქმედებს რიგით ირანელებზეც. მიზანი, რეჟიმისთვის შემოსავლისა და მყარი ვალუტის გენერირების უნარის ჩამორთმევაა.

უცხოურ ვალუტაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო შემცირება დამატებით ზეწოლას მოახდენს ირანის ისედაც დასუსტებულ ეროვნულ ვალუტაზე - რიალზე და გამოიწვევს იმპორტის გაძვირებას, რაც, თავის მხრივ, ინფლაციას კიდევ უფრო გაზრდის.

კრიპტოვალუტის არხები, ირანს ნავთობის ექსპორტიდან შემოსავლის მიღებაში ეხმარებოდა. აშშ-ის მთავრობის განცხადებით, ერთ-ერთმა პირმა - უკრაინის მოქალაქემ ივან ობუხოვმა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრობს და ორშაბათს სანქცირებულთა სიაში შეიყვანეს, 2023 წლიდან ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისთვის" (IRGC) ნავთობის გაყიდვების ხელშეწყობის მიზნით, 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტოვალუტური გადახდები გაატარა.

როგორც CNN-ი წერს, რიგითი ირანელებიც მიმართავენ კრიპტოვალუტას, როგორც გამოსავალს იმ სისტემიდან, რომელიც მათი აზრით ვერ ფუნქციონირებს. ბლოკჩეინის მონაცემების პლატფორმა Chainalysis-ის მიხედვით, 2025 წელს ირანის კრიპტოეკოსისტემის ღირებულება 7.78 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

მედიის განმარტებით, აშშ-ის ეს კამპანია ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ირანის ყველა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული კომპანია შავ სიაში მოხვდება.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, ირანის ოფიციალური ფინანსური სექტორის რღვევის ფონზე, რეჟიმი სულ უფრო მეტად ცდილობს რიალის გამყარებას ოქროს მეშვეობით, რათა თავი დაიცვას სწრაფად მზარდი ინფლაციისგან.

კრიპტოვალუტაზე წვდომის შეზღუდვა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო შეამცირებს რიგითი ირანელების მსყიდველობით უნარს.

კიდევ ერთი ზომა, რომელიც რიგით ირანელებზე იმოქმედებს, არის ის, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შეაჩერა რამდენიმე ლიცენზია, რომლებიც ირანში გარკვეული ფულადი გზავნილების განხორციელებას უშვებდა. ამის შედეგად, საზღვარგარეთ მცხოვრები მრავალრიცხოვანი ირანული დიასპორისთვის, ნათესავებისთვის ფულის გაგზავნა უფრო რთული ხდება და მათ შესაძლოა მესამე ქვეყნების შუამავლების, კრიპტოვალუტისა და სტეიბლკოინების გამოყენება დასჭირდეთ.