საქართველოში საცალო ვაჭრობის სექტორი ბოლო წლებში უპრეცედენტო ზრდას აჩვენებს, რასაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ტურიზმის აღდგენა და უცხოელი ვიზიტორების გაზრდილი ხარჯვა. ამის შესახებ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა რევაზ მაღალაშვილმა #ედwizer-ში განაცხადა.

მისი თქმით, 2025 წელი საცალო ვაჭრობისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა.

„2024 წელი რეკორდული იყო, თუმცა 2025-მა კიდევ უფრო გააუმჯობესა შედეგები. დაახლოებით 25%-ით ვაჭარბებთ 2024 წლის პირველი 11 თვის მაჩვენებლებს, რაც საკმაოდ მაღალი ზრდაა“, – აღნიშნა მაღალაშვილმა.

როგორც ის განმარტავს, განვითარებულ ბაზრებზე რითეილის საშუალო წლიური ზრდა, როგორც წესი, 3-5%-ს არ აღემატება, რაც 25%-იან დინამიკას არასტანდარტულ მოვლენად აქცევს.

"ახსნის ნაწილი ყველაზე რთული არის ხოლმე. როგორც წესი, 3-დან 5%-მდე მერყეობს განვითარებულ ბაზრებზე რითეილში ზრდა. ამიტომ, ეს ზრდა, ერთის მხრივ, ძალიან სასიხარულოა, თუმცა მეორეს მხრივ სჭირდება ახსნა და იგივე რისკები მოჰყვება, რადგან პროგნოზირების თვალსაზრისით და დაგეგმარების, 25%-იან ზრდას ვერავინ ვერ დაგეგმავს. ჩვენ ვგეგმავთ ხოლმე 3-5%-ს, შემდეგ შედეგი აბსოლუტურად განსხვავებულია. ასეთ დროს ან არასწორად გეგმავ, ან რაღაც უცნაური ხდება", - განაცხადა მან.

მაღალაშვილის შეფასებით, 2019 წლის შემდეგ ერთმანეთთან წლების შედარება პრაქტიკულად შეუძლებელია პანდემიის, პოსტ-კოვიდური ეფექტებისა და რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების გამო. მისი თქმით, რეალურად შედარებადი მხოლოდ 2024 და 2025 წლებია და ამ შემთხვევაშიც ზრდა „არანორმალურად მაღალია“.

კომპანიის სტრატეგია, მაღალი ზრდის მიუხედავად, ხარჯვითი ბაზის ფრთხილ მართვას ეფუძნება.

„ყველაზე კარგი გადაწყვეტილება არის არ აჰყვე ამ დინამიკას ფიქსირებული ხარჯების ზრდით. ზრდის მაჩვენებელი შეიძლება ხიბლი იყოს, მაგრამ ამ ხიბლმა შეიძლება რისკის ზონაში შეგვიყვანოს“, – აცხადებს მაღალაშვილი.

მისი თქმით, კომპანია აქცენტს აკეთებს ცვლად ხარჯებზე, მათ შორის ცვლად ანაზღაურებასა და ცვლად იჯარებზე, რაც რისკების დაბალანსების საშუალებას იძლევა.

bm.ge