geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:46
სოფლებში ინტერნეტის შეყვანა რეგიონებში კადრების კვალიფიკაციას აამაღლებს
2016-07-26 09:06:52
+
-

ბიზნესი ქვეყნის საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის შედეგად რეგიონებში მეტი ინფორმაციის შესვლას და უფრო კვალიფიციურ კადრებს ელოდება.


კერძო სექტორი ხელისუფლებისა და ფონდი „ქართუს“ თანამშრომლობით დაწყებულ პროექტს, რომელიც 2025 წლამდე საქართველოს სრულ ინტერნეტიზაციას ითვალისწინებს, დადებითად აფასებს.


როგორც „კომერსანტს“ სასტუმროების ქსელ „ამბასადორის“ პიარ-მენეჯერმა თამარ ჯინჭარაძემ განუცხადა, ქვეყანაში დამსაქმებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა  ისაა, რომ დასაქმებულმა არ იცის უცხო ენა და არ აქვს ინფორმაცია იმ სერვისების სტანდარტების შესახებ, რასაც თვითონ აწვდის მომხმარებელს.

„ამ მიზეზის გამო დამსაქმებლებს გვიწევს კერძო ტრენერის დაქირავება და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ მათთვის ინფორმაციის ამ ფორმით მიწოდება. ვფიქრობთ, ინტერნეტი ერთ-ერთი საშუალება იქნება ადგილობრივებისთვის, დაინტერესდნენ და გაეცნონ სასტუმროს მომსახურების მაღალ სტანდარტებს“,- აცხადებს თამარ ჯინჭარაძე.


მისივე თქმით, ინტერნეტის ერთ-ერთი მთავარი პლუსი ისაა, რომ მას შემეცნებითი ხასიათი აქვს, რაც ზოგადად ერს და ქვეყანას განვითარებაში უწყობს ხელს.


„ჩვენ „კაჭრეთის ამბასადორში“ გვყავს კერძო პროვაიდერი და მაღალი სტანდარტის ინტერნეტით სარგებლობენ სტუმრები, თუმცა ეს არის მხოლოდ სტუმრებისთვის, რადგანაც ჩვენი დასაქმებულები ამ დროს მუშაობენ და ინტერნეტთან წვდომისთვის დრო არ რჩებათ. ჩვენი თანამშრომლების 95% ადგილობრივია, ამიტომ, თუ მათ სახლშიც ექნებათ ინტერნეტი, ეს ჩვენც, როგორც დამსაქმებელსაც, ხელს შეგვიწყობს, რომ ბევრად უფრო ინფორმირებული, განათლებული და მოტივირებული კადრები გვყავდეს“,- აცხადებს თამარ ჯინჭარაძე.


სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივის „თაფლის საჩინოს“ თავმჯდომარე მინდია ქავთარაძე ამბობს, რომ ინტერნეტიზაცია რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას ინფორმაციული ვაკუუმიდან გამოიყვანს. მისი შეფასებით, ადგილობრივები მიიღებენ ინფორმაციას თუნდაც იმ პროგრამების შესახებ, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს და შეეცდებიან, გამოიყენონ მათთვის შეთავაზებული შესაძლებლობები. მინდია ქავთარაძის თქმით, სახელმწიფოს მიერ კონკრეტულ პროექტებში ჩადებული თანხებიც უფრო ეფექტიანი გახდება.


„სახელმწიფოს ბევრი პროექტი აქვს, რომელიც ხალხამდე არ მიდის. ინტერნეტის საშუალებით კი ყველა მიიღებს ინფორმაციას მცირე საგრანტო პროგრამების, სესხების შესახებ. ახლახანს დაიწყო „აწარმოე საქართველოში“ პროექტი მაღალმთიანი რეგიონებისთვის, ჩვენი სოფელი მაღალმთიანი არ არის, მაგრამ მეზობელი სოფლები შედის ამ ნუსხაში და მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია ამ პროექტის შესახებ. ჩვენ დავურეკეთ და მივაწოდეთ ინფორმაცია“,- აღნიშნავს მინდია ქავთარაძე.


მისივე განცხადებით, ინტერნეტიზაცია მაღალმთიან სოფლებში დარჩენილი ახალგაზრდობის მთაში დამაგრებასაც შეუწყობს ხელს.


„ახალგაზრდა რატომ მიდის სოფლიდან? იმიტომ, რომ არ არის ინტერენტი, გზა, სკოლა, ბაღი. ეს რომ მოგვარდება, შემდეგ გზის პრობლემა მოგვარდება, შემდეგ რამე საწარმო აშენდება და დასაქმდება ხალხი“,- აცხადებს კოოპერატივის ხელძღვანელი.


მისივე თქმით, საკმარისია ერთ სოფელში ორმა-სამმა ადამიანმა მიიღოს ინფორმაცია, მისი გავრცელება სწრაფადვე მოხდება.


„მარნეულის“ სასურსათო ქარხნის დირექტორი ირინა გაფრინაშვილი კი ფიქრობს, რომ ინტერნეტიზაცია მცირე მეწარმეებს ბევრად გაუიოლებს საქმიანობას და ისინი უფრო მარტივად შეძლებენ თუნდაც პარტნიორების მოძიებას ინტერნეტის მეშვეობით.

„დღეს საქმის წარმოება ინტერნეტის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია, ამიტომ ბევრად გაუმარტვდებათ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს საქმიანობა. მარტივად შეძლებენ საქმის წარმოებას, რადგან ინტერნეტი ინფორმაციის დიდი წყაროა, უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციის საშუალებაა. მცირე მეწარმეები გაეცნობიან სიახლეებს თავიანთ დარგში და შეძლებენ, რომ პრაქტიკაშიც დანერგონ თანამედროვე სტანდარტები“,- აცხადებს ირინა გაფრინდაშვილი. 

 


ავტორ(ებ)ი: სალომე მეცხვარიშვილი