ქართველმა მილიარდერმა, ყაზახური Kaspi.kz-ის ერთ-ერთმა მფლობელმა მიხეილ ლომთაძემ ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ეს არის ერთ-ერთი ბოლო, ხმაურიანი გარიგება, რომელიც ქართველმა მილიარდერმა დადო.

ამ დროისთვის ლომთაძე Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში 534-ე პოზიციაზეა. მისი ქონება 5.7 მლრდ დოლარად არის შეფასებული, ხოლო Forbes-ის რეიტინგში შესვლისას, ანუ 2021 წელს ლომთაძის ქონება 3.2 მლრდ დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგს, აქ ლომთაძე 6.27 მლრდ დოლარის ქონებით 458-ე პოზიციაზეა.

მიხეილ ლომთაძე უკვე დიდი ხანია ყაზახეთში მოღვაწეობს და ერთ-ერთი უდიდესი ადგილობრივი ბანკის Kaspi.kz-ის მმართველი და მფლობელია.

49 წლის ბიზნესმენი არ მიეკუთვნება იმ მილიარდერთა რიცხვს, რომლებმაც ქონება მემკვიდრეობით მიიღეს. სანამ წარმატებას მიაღწევდა, მიხეილი ძალიან ბევრს სწავლობდა და პარალელურად მუშაობდა.

ბავშვობა

მიხეილ ლომთაძე ბათუმში, 1975 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. მისი მამა სამხედრო მოსამსახურე იყო. საშუალო ფენის ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს. თუმცა, როგორც ლომთაძე მის youtube არხზე, ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, მისი მშობლებისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო შვილებისთვის განათლების მიცემა. იყო პერიოდები, როდესაც სახლში საკვებიც კი არ ჰქონდათ, თუმცა მიხეილი და მისი და რეპეტიტორებთან მაინც დადიოდნენ და ამის სახსრები მშობლებს ყოველთვის ჰქონდათ გადანახული.

„დედას შეეძლო ლავაში მოეხარშა, მარილი მოეყარა და ისე მაჭმევდა, თითქოს ხაჭაპური იყო... სინამდვილეში ეს იყო უბრალოდ პური... ხანდახან ოჯახში საჭმელიც არ იყო, მაგალითად, დღემდე არ ვჭამ მაკარონს, იმიტომ, რომ ორი წელი სახლში მხოლოდ მაკარონი გვქონდა.

დღევანდელი გადმოსახედით მძიმე ცხოვრება გვქონდა, მაგრამ არასოდეს დავინტერესებულვარ სხვანაირი გატაცებებით. ძალიან კარგად ვსწავლობდი, ჩემი ცხოვრება იყო: სწავლა და სპორტი.

ყველანი ვცდილობდით, რომ ერთმანეთისთვის მხარი დაგვეჭირა“- იხსენებს მიხეილ ლომთაძე ALIBEKOVKZ-თან 2020 წელს, ვიდეო პოდკასტში.

სკოლის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდა მიხეილმა თბილისში, ბიზნესის სკოლა ESM-ში გააგრძელა სწავლა. მამის სურვილი იყო, რომ მიხეილს საინჟინროზე ჩაებარებინა, თუმცა, მას არ დაუჯერა და სწავლა ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით გადაწყვიტა.

სტუდენტმა, სწავლის თანხის დასაფარად მაშინ ფული ბიძისგან ისესხა და მთელი 5 წლის სწავლის საფასური ერთბაშად დაფარა. სწორედ ეს იყო მისი ერთ-ერთი პირველი მომგებიანი გადაწყვეტილება - ერთიანი გადახდის შემთხვევაში, მან 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლა.

შემდეგ იყო ჰარვარდის ბიზნეს სკოლა. ლომთაძე იქ მეორე მცდელობის შემდეგ ჩაირიცხა. როგორც ყაზახურ მედიასთან ინტერვიუში იხსენებს, ჰარვარდში სწავლის პირველი წელი მისთვის ძალიან ძნელი აღმოჩნდა, თანაკურსელების გაცნობა მან მხოლოდ მეორე წელს შეძლო.

2002 წელს ლომთაძე ჰარვარდიდან საქართველოში დაბრუნდა. მას დიდი გეგმები ჰქონდა... 1995 წელს მან საქართველში დააფუძნა აუდიტორული კომპანია Georgia Consulting Group, რომელიც 2002 წელს გახდა გლობალური ჯგუფის Ernst & Young-ის პარტნიორი.

2007 წლამდე ლომთაძე, სანამ ყაზახეთში გააგრძელებდა მოღვაწეობას, იყო რუსეთში არსებული ფირმის, Baring Vostok Capital Partners-ის პარტნიორი.

2008 წელს იგი Kaspi-ის თანადამფუძნებელი და მმართველთა საბჭოს წევრი გახდა.

2018 წლიდან 2022 წლამდე ლომთაძე ყაზახეთის განვითარების ფორუმის წევრებმა ყაზახეთის საუკეთესო აღმასრულებელ დირექტორად დაასახელეს. 2017 წლიდან 2022 წლამდე ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, Forbes-ისა და PricewaterhouseCoopers-ის მიერ, ის ასევე დასახელდა ყაზახეთში საუკეთესო აღმასრულებელ დირექტორად.

მიხეილ ლომთაძე ამჟამად არის ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი.

Youtube-ერი მილიარდერი

მილიარდერს საკუთარი youtube არხიც აქვს. მიხეილ ლომთაძე ქავერზე ქართული წარწერით იწონებს თავს და აუდიტორიას თავისი ინოვაციური რჩევებით ნამდვილად ანებივრებს.

“საქართველო ჩემი სამშობლოა, იქ დავიბადე და არ ვგეგმავ მოქალაქეობის შეცვლას. საქართველო ძალიან მიყვარს, იქ ცხოვრობენ ჩემი მშობლები, ჩემი და... ზოგადად საქართველოში ყველაფერი ლამაზია“, - განაცხადა ლომთაძემ ინტერნეტ ჟურნალ Власть-თან საუბრისას.

bpn.ge