ტელეკომპანია „იმედში“ უარყოფენ იმ ინფორმაციას, რომ მათი საინფორმაციო ვებგვერდი ჰაკერული ჯგუფების ხელშია. ამის შესახებ ტელეკომპანია განცხადებას ავრცელებს.

„სოციალურ ქსელში სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტელეკომპანია „იმედის“ ვებგვერდი ჰაკერული ჯგუფების ხელშია, სიმართლეს არ შეესაბამება.

ბოლო დღეების განმავლობაში ტელეკომპანია „იმედის“ ვებგვერდზე სისტემატურად არის ხარვეზის შექმნის მცდელობა, თუმცა ამ ეტაპზე „იმედის” ყველა პლატფორმა, imedi.ge და imedinews.ge ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს.

მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, გადაამოწმონ ინფორმაციის ავთენტურობა, რათა არ გავრცელდეს დეზინფორმაცია და არ მოხდეს ტელეკომპანია „იმედის“ დისკრედიტაციის მცდელობა.

ვიმედოვნებთ, ფაქტ-ჩეკერს, რომელიც საქართველოში „მეტას” ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში ოპერირებს, ამ დეზინფორმაციაზე შესაბამისი რეაგირება ექნება“, - ნათქვამია განცხადებაში.