დაზოგვა ამა თუ იმ მიზნით ფულის სამომავლოდ შეგროვებაა. დაზოგვის მიზანი შეიძლება სხვადასხვა იყოს: სწავლისთვის თანხის შეგროვება, სახლის ან ავტომობილის შეძენა, გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის მომზადება და სხვა.
გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (შპარკასე) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი სალომე მოისწრაფიშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ დაზოგვა ჩვევაა და საქართველოს რეალობიდან გამომდინარეც კი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს რთული არ უნდა იყოს, მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემებისა. რაც შეეხება, საქართველოს ადგილს მსოფლიო სტატისტიკაში, მისი თქმით, მაჩვენებლები უმჯობესდება და საქართველოში ამ მიმართულებით დინამიკა მზარდია, თუმცა უფრო მეტია საჭირო.
„ფულის დაზოგვის ჩვევა და ფულის შეგროვება არ არის დაკავშირებული შემოსავლის რაოდენობასთან, შესაბამისად, საქართველოს რეალობიდან გამომდინარეც შეუძლია ადამიანს დაზოგოს. „მსოფლიო დაზოგვის დღის“ ისტორიას თუ გავეცნობით, ვნახავთ, რომ ფულის დაზოგვის მთავარი მიზეზი ევროპაში სწორედ რომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იყო და მოსახლეობას მომჭირნეობისკენ მოუწოდებდნენ მათი ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. გერმანული ფონდი შპარკასეს მიერ 2012 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად საქართველოში გამოკითხულთა 59% პასუხობს, რომ შემოსავლების გაორმაგების შემთხვევაშიც კი ვერ მოახერხებს ფულის დაზოგვას. თბილისის მცხოვრებთა 35% ამბობს, რომ რაც უფრო მეტი აქვთ შემოსავალი, მით მეტის გამომუშავების სურვილი უჩნდებათ, ხოლო 22%-ს ურჩევნია რომ ფული დღესვე დახარჯოს, ვინაიდან არ იცის რა იქნება ხვალ, 18% კი აღიარებს რომ უბრალოდ უყვართ ფულის ხარჯვის პროცესი.
ფულის დაზოგვა რეკომენდებულია სწორედ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის და ე.წ. „შავი დღისთვის“ და რაც უფრო მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, მით უფროა დაზოგვა რეკომენდებული, რომ მოსახლეობა გაუმკლავდეს „მოულოდნელ“ ფინანსურ პრობლემებს.
ფულის ხარჯვა უფრო დამოკიდებულია ჩვენს ფინანსურ განათლებაზე. ამ შემთხვევაში ფინანსურ განათლებაში იგულისხმება არა საბანკო საქმის ცოდნა, არამედ საკუთარი ბიუჯეტის აღრიცხვა, დაზოგვის კულტურის გამომუშავება, სხვადასხვა ფინანსური პროდუქტების ცოდნა და მათი სწორად გამოყენება, ფინანსურ დაწესებულებასთან ურთიერთობა და საკუთარი უფლებების ცოდნა, რისკების გათვითცნობიერება და საბოლოო ჯამში ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც მიმართული იქნება ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. თუკი ადამიანი ფინანსურად განათლებულია, იგულისხმება, რომ ის ფლობს ზემოთ ჩამოთვლილ უნარ-ჩვევებს, მისი ხარჯვითი ქცევაც სხვანაირია. ასეთი ადამიანი უკეთ განკარგავს საკუთარ ფულს.
თუმცა, საბაზისო ფინანსური განათლება და ელემენტარული ცნობიერება რომ არ გვაქვს, შემდეგ უკვე რაღაც უფრო რთულის ახსნა და გააზრება მოსახლეობას უფრო უჭირს. პირველ რიგში, ხალხში უნდობლობას სწორედ ეს ფაქტორი იწვევს“, - განმარტავს სალომე მოისწრაფიშვილი.
სალომე მოისწრაფიშვილი ამბობს, რომ საქართველოში ისტორიულად არსებობს ანაბრების მიმართ არასახარბიელო დამოკიდებულება, ამიტომ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი წლების განმავლობაში თანხის სახლში შენახვას ან ძვირფასი ლითონების შეძენას ამჯობინებდა ბანკში შეგროვებას, თუმცა ბოლო პერიოდში პროგრესი ამ მიმართულებითაც არის. მისი თქმით, სასურველია, რომ თანხა ანაბარზე გვქონდეს განთავსებული, რადგან ასეთ შემთხვევაში ფული დაცულია და მას სარგებელიც ერიცხება.
„ევროპის მაჩვენებლებს თუ შევადარებთ საქართველოს, რა თქმა უნდა განსხვავებული მდგომარეობაა, თუმცა ზრდის პოტენციალი ნამდვილად გვაქვს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, როგორი ეკონომიკური მდგომარეობაა ქვეყანაში, მაგალითად ხელფასების საშუალო დონე ბევრად უფრო მაღალია ევროპაში, ასევე იქ 90-იანებში არ მომხდარა საბანკო სექტორის ფაქტობრივად სრული ჩამოშლა და ანაბრების დაკარგვის ფაქტები, გარდა ამისა ჩვენთან ახალია საპენსიო დანაზოგების კულტურაც, ამიტომ რა თქმა უნდა, განსხვავება არის და სტატისტიკაც ამას მოწმობს“, - ამბობს სალომე მოისწრაფიშვილი.
დანაზოგის სტატისტიკა მსოფლიოში - სად ვართ
მთლიანი შიდა დანაზოგი (Gross domestic savings) არის მთლიანი ქვეყნის მოსახლეობის დანაზოგი, რომელიც აერთიანებს მოსახლეობის დანაზოგებს, კომპანიების დანაზოგებს და მთავრობის დანაზოგებს. თავის მხრივ, დანაზოგი არის წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავალს გამოკლებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე დახარჯული თანხა.
მთლიანი შიდა დანაზოგი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებელია, რომელსაც რადგან ის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოტენციალს განსაზღვრავს. რაც მეტს ზოგავს მოსახლეობა, მით მეტი თანხა აქვს ინვესტირებისთვის.
ეროვნული დანაზოგის სიდიდე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართ გამოითვლება პროცენტულად. მაგალითად, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს მთლიანი ეროვნული დანაზოგი 14.5% იყო, რაც ზოგადად დაბალი მაჩვენებელია.
რაც შეეხება საქართველოს სამეზობლოს და ევროპულ ქვეყნებს, სტატისტიკა შემდეგია:
აზერბაიჯანი - 45.7%
რუსეთი - 34%
თურქეთი - 31%
სომხეთი - 20.7%
იტალია - 21.2%
გერმანია - 27%
საფრანგეთი - 22.6%
ესპანეთი - 22.7%
პორტუგალია - 18.2%.
ქართული კვლევების სტატისტიკა
2022 წლის ეროვნული ბანკის ფინანსური მდგრადობის თვალსაზრისით, საქართველოს მოსახლეობის 66.7% აქტიური დამზოგველია, თუმცა, მათგან მხოლოდ 33.1% ისახავს გრძელვადიან ფინანსურ მიზნებს. როგორც აღმოჩნდა, რომ მათგან, ვინც კვლევის ჩატარების წინა წელს თანხა დაზოგა, მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობამ განათავსა დანაზოგი საბანკო დეპოზიტზე (11%), ხოლო დიდმა ნაწილმა სახლში, ნაღდი ფულის სახით შეინახა (57%) ან ოჯახის წევრებს ანდო შესანახად (25%). რაც გარკვეულწილად შესაძლოა იმაზეც მიანიშნებდეს, რომ არაფორმალური დაზოგვის სისტემების ნდობა შესაძლოა უფრო მაღალი იყოს, ვიდრე ფორმალური სისტემებისადმი.
„მოსახლეობის ნახევარზე მეტმა (55%) აღნიშნა, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში, მათ ჰქონიათ შემთხვევა, როცა მათი ხარჯები აჭარბებდა შემოსავალს. აღნიშნულ სიტუაციასთან გასამკლავებლად, ისინი მიმართავდნენ სესხებას, თუმცა, უმეტესობა არაფორმალურ წყაროს, მაგალითად, თანხას სესხულობდნენ ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან ან ახლობლებისგან (30.4%) ან მაღაზიიდან პროდუქტი მოჰქონდათ შემდეგში გადახდის პირობით (9.2%), მცირე ნაწილმა კი თანხა ისესხა ფორმალური წყაროებიდან, მაგალითად აიღო სამომხმარებლო სესხი ფინანსური მომსახურების მომწოდებლისგან (7.7%).
რაც შეეხება ფინანსურ სიძნელეებთან გამკლავების არა სასესხო გზებს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მხოლოდ მცირე ნაწილმა თქვა უარი ხარჯების შემცირებაზე (16.1%) და უფრო მეტმა მიმართა დახმარებისთვის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს (22.9%)“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.
„კავკასიის ბარომეტრის“ 2021 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რომელიც 2008 წლის შემდეგ, 14 წლის განმავლობაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს აერთიანებს, რესპონდენტთა 20%-ს ფული არ ჰყოფნის საკვებზე. 33% ამბობს, რომ ფული ჰყოფნის მხოლოდ საკვებზე და არ ჰყოფნის ტანსაცმელზე. მხოლოდ 3% ამბობს, რომ მათ აქვთ საშუალება შეიძინონ ყველაფერი, რას სჭირდებათ.
გამოკითხული მოსახლეობის 44% ამბობს, რომ მის ოჯახს ვალი აქვს, ეს მონაცემი 2008 წელთან შედარებით 10%-ითაა შემცირებული. დანაზოგი გამოკითხულთა მხოლოდ 8%-ს აქვს, 2008 წელს ეს მონაცემი 12% იყო.
რაც შეეხება დეპოზიტების სტატისტიკას, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქართულ კომერციულ ბანკებში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის იანვრის ბოლოსათვის 50.68 მლრდ ლარი შეადგინა და ეს სტატისტიკა ყოველთვიურად მზარდია.
ვინ ზოგავს და ვინ ვერა
თანხის დაზოგვა ერთ-ერთი საუკეთესო ფინანსური ჩვევაა და მას სოციალური სიდუხჭირის გარდა, ბევრი სხვა კომპონენტიც განაპირობებს. როგორც „კომერსანტთან“ 31 წლის მარიამ ბერიძე ამბობს, რაც მუშაობს დანაზოგს პერიოდულად ყოველთვის აგროვებს, თუმცა ეს „შავი დღისთვის“ გადადებული თანხა არ არის, მას კონკრეტული მიზნებისთვის, მაგალითად სამოგზაუროდ ან რაიმე ღირებული ნივთის შესაძენად იყენებს.
„ჩემი აზრით, დანაზოგის გაკეთება ან არ გაკეთება მხოლოდ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარების „დამსახურება“ არ არის, ყველას შეუძლია თუნდაც მინიმალური თანხა გადადოს იმ შემოსავლიდან რაც აქვს, თუმცა სწორედ აქ არის მთავარი პრობლემა, რადგან ვფიქრობ რომ საქართველოში დიდი დანაზოგის გაკეთება ძალიან რთულია არსებული ხელფასით, რაც ჩემ შემთხვევაში 2000 ლარამდეა, ხშირ შემთხვევაში შემოსავალი ელემენტარულ ხარჯებს ძლივს წვდება.
უფრო რთულია დანაზოგის გაკეთება, როდესაც ოჯახში მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს, რაც ჩვენს ქვეყანაში ძალიან ხშირია. შესაბამისად, დანაზოგის ნაცვლად, როდესაც გამოუვალი სიტუაცია დგება ან რაიმე მნიშვნელოვანის შეძენა გვსურს, პირველი საბანკო სესხი გვახსენდება, შემდეგ კი ჩვენს ხარჯებს სესხის გადასახადიც ემატება და დანაზოგის გაკეთების ნაცვლად მისი გადახდა გვიწევს და ასე ერთ წრეზე ვტრიალებთ.
ჩემი სამეგობროს მაგალითზე ვიტყვი, რომ მათი უმრავლესობა თანხას აგროვებს, თუმცა პერიოდულად, როცა ამის შესაძლებლობა ეძლევათ და არა წინასწარ განსაზღვრულად და სტაბილურად“, - ამბობს მარიამი.
თანხა არასოდეს დაუზოგავს დავით გულუას, როგორც ის „კომერსანტთან“ ამბობს, როდესაც მუშაობა დაიწყო ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, ამიტომ სხვა ხარჯებთან ერთად სწავლის საფასურის გადახდა უწევდა, ახლა კი ოჯახი აქვს და მისი მცირეწლოვანი შვილების მხოლოდ ელემენტარული საჭიროებების დაფარვას ახერხებს.
„საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობის შემოსავალი არ აღემატება ხარჯებს. კვების, ტრანსპორტის და გადასახადების ხარჯი ერთი 4 სულიანი ოჯახისთვის ჩემი გათვლებით, 2000 ლარს ცდება, ესეც იმ შემთხვევაში თუ ბინის ქირას ან ბანკის სესხს არ იხდიან, ასეთი კი იშვიათია. გარდა ამისა, დავამატოთ გაუთვალისწინებელი ხარჯები, ჯანმრთელობის პრობლემები, ნათესავების ან თანამშრომლების ქორწინება-გარდაცვალების ხარჯები, ბებია-ბაბუებისთვის წამლების შეძენა, რასაც პენსია ვერ წვდება, ესეც ხომ ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია?
ჩემი შემოსავალი 1700 ლარია, ჩემი მეუღლის 1200 ლარი, გვყავს ორი მცირეწლოვანი ბავშვი (ბაღის და სკოლის ასაკის), ვიხდი ავტომობილის სესხს და ეს ხელფასი თვიდან თვემდე ძლივს გვყოფნის. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდა, გვიწევს ვალის აღება და შემდეგ თვეებში ძალიან ხელმომჭირნედ ყოფნა, შეიძლება ბავშვი ელემენტარულად მეგობრის დაბადების დღეზეც ვერ მივიყვანო საჩუქრის ფულის ეკონომიის მიზნით.
ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობაა, თუ სხვა ქვეყნებში ახერხებენ დაზოგვას და სწორედ ამ დანაზოგებით ოჯახისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი ნივთების შეძენას, ჩვენთან რატომ ვერ ვახერხებთ? ფასები იზრდება, ხელფასები არ იცვლება, ამას არც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა შველის და არც ეკონომიკის დუღილი“, - ამბობს დავითი.