შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში დღეს და ხვალ აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება.
„უკრაინა სწრაფად უნდა მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე.
უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთს ფართომასშტაბიან ტერიტორიულ და პოლიტიკურ მოთხოვნებთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლა არ სურს და ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს.
„ჟენევაში სამმხრივი შეხვედრების წინა დღესაც კი, რუსეთის არმიას არ აქვს ბრძანება, გარდა იმისა, რომ გააგრძელოს უკრაინაზე დარტყმები. ეს მეტყველებს იმაზე, თუ როგორ უყურებს რუსეთი პარტნიორების დიპლომატიურ ძალისხმევას. მხოლოდ რუსეთზე საკმარისი ზეწოლით და უკრაინისთვის უსაფრთხოების მკაფიო გარანტიებით შეიძლება ამ ომის რეალისტურად დასრულება“, - დაწერა გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შეხვედრაზე უფრო ფართო სპექტრის საკითხების განხილვა იგეგმება.
„ვგეგმავთ უფრო ფართო სპექტრის საკითხების განხილვას, ყურადღება გამახვილდება ტერიტორიებთან და სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებზე“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
კიევის დელეგაციას უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს, დელეგაციის შემადგენლობაში შევლენ: პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი, უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კისლიცა და თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე ვადიმ სკიბიცკი. აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ, რუსეთის დელეგაციას კი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს.
ipn.ge