აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის ლიდერთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან „შეთანხმება ბევრად უფრო რთულია“, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.

აშშ-ის პრეზიდენტმა ამის შესახებ ტელეკომპანია „ენბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპმა კითხვას უპასუხა, რომელიც რამდენიმე ევროპელი ლიდერის მიერ აშშ-ის მხრიდან რუსულ ნავთობზე სანქციების დროებითი მოხსნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კრიტიკას ეხებოდა.

ცნობისთვის, აშშ-მა დროებით დაუშვა იმ რუსული ნავთობის გაყიდვა, რომელიც უკვე ტანკერებზეა, რათა შემცირდეს ენერგომატარებლების ფასები, რომლებიც მკვეთრად გაიზარდა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ.

ტრამპმა განაცხადა, რომ მას „მხოლოდ მსოფლიოსთვის ნავთობის მიწოდება სურს“.

მისივე განმარტებით, რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დაუყოვნებლივ დაბრუნდება, როგორც კი კრიზისი დასრულდება. შემდეგ კი მან უკრაინის პრეზიდენტი გააკრიტიკა.

„მიკვირს, რომ ზელენსკის არ უნდა შეთანხმების დადება. უთხარით ზელენსკის, წავიდეს შეთანხმებაზე, რადგან პუტინს უნდა შეთანხმება“, – თქვა ტრამპმა.

ამავე ინტერვიუში ტრამპმა უარყო უკრაინის შეთავაზება, დაეხმაროს აშშ-ს ირანული დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში.

მან განაცხადა, ზელენსკი ბოლო ადამიანია, რომლისგანაც ვაშინგტონს დახმარება სჭირდება.

ტრამპს ასევე სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა ცნობებზე, რომ რუსეთი ირანს აწვდის სადაზვერვო ინფორმაციას ამერიკულ სამიზნეებზე თავდასხმებისთვის.

„შესაძლოა, რუსეთი აწვდის ინფორმაციას, შესაძლოა – არა“, – თქვა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ მისი ქვეყანა „იმავეს აკეთებს რუსეთის წინააღმდეგ“:

„ჩვენც ვაძლევთ გარკვეულ ინფორმაციას უკრაინას და ვცდილობთ მშვიდობის დამყარებას ორ ქვეყანას შორის“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

1tv.ge