მედია: ზელენსკიმ ტრამპს Starlink-ის გამოყენების გაფართოებაში დახმარება სთხოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სთხოვა, დაეხმაროს კიევს ილონ მასკის თანხმობის მიღებაში, რათა უკრაინამ Starlink-ის სატელიტური ქსელი რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენოს. ინფორმაციას The Atlantic და Associated Press ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მედიის ცნობით, საკითხი 28 ივლისს, თეთრ სახლში გამართულ დახურულ შეხვედრაზე განიხილეს. საუბარი შეეხებოდა Starlink-ის გამოყენებას უკრაინული დრონების სამართავად და რუსეთში განთავსებული მოძრავი ბალისტიკური რაკეტების გამშვები სისტემების აღმოსაჩენად და მათზე იერიშების დასახმარებლად.

The Atlantic-ის თანახმად, ზელენსკიმ ტრამპს სთხოვა, ილონ მასკთან ეშუამდგომლა. ამავე ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში ვიზიტისას თავად მასკთან შეხვედრასაც ცდილობდა, თუმცა შეხვედრა არ შედგა.

Associated Press-ის წყაროების ინფორმაციით, ზელენსკიმ Starlink-ის გამოყენების გაფართოების საკითხი ამერიკელ კანონმდებლებთან შეხვედრის დროსაც დააყენა. დონალდ ტრამპს უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნაზე კონკრეტული გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია.

Starlink-ს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო კომუნიკაციებისთვის მნიშვნელოვანი როლი აქვს. SpaceX-ის მოქმედი შეზღუდვების გამო, სისტემის გამოყენება რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე შეზღუდულია. ქსელი ხელმისაწვდომია უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და უკრაინის სხვა ოკუპირებულ რეგიონებში.

ზელენსკის წინადადების მიზანია რუსეთის მოძრავ სარაკეტო დანადგარებზე უფრო სწრაფი და შედარებით დაბალი დანახარჯით რეაგირება, განსაკუთრებით ზამთრის დაწყებამდე, როდესაც უკრაინა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსული თავდასხმების გაძლიერებას ელოდება.

Reuters-ის ინფორმაციით, 28 ივლისის შეხვედრაზე ზელენსკიმ ტრამპთან უკრაინისთვის ანტიბალისტიკური სისტემებისა და რაკეტების გადამჭერების მიწოდებაზეც ისაუბრა. თუმცა Reuters-ს Starlink-ის გამოყენების გაფართოების მოთხოვნა დამოუკიდებლად არ დაუდასტურებია.

თეთრ სახლს, უკრაინის საელჩოსა და SpaceX-ს Starlink-თან დაკავშირებულ მოთხოვნაზე ოფიციალური კომენტარი ამ დროისთვის არ გაუვრცელებიათ.

წყაროები:

The Atlantic:

Associated Press:

Reuters,

Reuters.