უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა განაცხადა, რომ არსებული ვითარების გამო, ისრაელის მიმართულებით რეისები, შემდგომ შეტყობინებამდე, გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

„ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს და ვუკავშირდებით შესაბამის ორგანოებს“, - აღნიშნა კომპანიის სპიკერმა დღეს გავრცელებულ განცხადებაში. 

ავიაკომპანიის მხრიდან დამატებითი განმარტებები ჯერჯერობით არ გაკეთებულა. 

მოგზაურებს, რომლებმაც უკვე დაჯავშნეს ბილეთები ისრაელისკენ, ურჩევენ დაუკავშირდნენ ავიაკომპანიას დამატებითი ინფორმაციისა და დახმარებისთვის. 

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან სამხრეთ და ცენტრალურ ისრაელზე სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა. ათობით პალესტინელი მებრძოლი ისრაელის ტერიტორიაზე სატვირთო მანქანებითა და პარაპლანით შევიდა.

ბოლო მონაცემებით, ისრაელში სულ მცირე 700 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 2 000 დაშავდა, 130-ზე მეტი კი მძევლად აიყვანეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „რკინის ხმლები“ დაიწყო. ქვეყანაში ოფიციალურად გამოცხადდა საომარი მდგომარეობა.