უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინა გააფრთხილა, რომ შესაძლოა აშშ-მა მასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეწყვიტოს, თუ უკრაინული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შორი მოქმედების დრონებით თავდასხმებს არ შეაჩერებენ.
NPR-სთან ინტერვიუში, ზელენსკის დაუსვეს შეკითხვა, მიიღეს თუ არა მათ გაფრთხილება აშშ-დან, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა: „მათ ეს ჩემს გენერლებს უთხრეს და არა მე“.
„მაგრამ, გულახდილად რომ ვთქვა, მივიღეთ თუ არა შეტყობინება, რომ ეს [სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება] შეიძლება შეწყდეს? დიახ, ჩემმა გენერლებმა მითხრეს, რომ სამხედრო პირების დონეზე მათ ეს ინფორმაცია მიიღეს. მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ ეს შეიძლება შეწყდეს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება რუსულ დიზელზე სანქციების მოხსნის შესახებ საწვავის ფასებს არ შეამცირებს. მან ასევე უარყო პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ დიზელის საწვავზე ფასების ზრდაში უკრაინაა დამნაშავე.
„მსოფლიოში ადამიანებმა უმეტესწილად იციან, რატომ გაიზარდა ფასები ნებისმიერი სახის ენერგორესურსზე, მათ შორის დიზელზე. ჰორმუზის გამო. დიახ, ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსულ დიზელზე სანქციების დროებით მოხსნის შესახებ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებები აშშ-ში ფასებზე გავლენას არ მოახდენს.
„რა თქმა უნდა, აშშ-ში ფასებზე გავლენას არ მოახდენს. დარწმუნებული ვარ ამაში, რადგან მოცულობა არასაკმარისია, თუმცა საკმარისია იმისთვის, რომ რუსეთს ომისთვის მეტი თანხის დახარჯვის საშუალება მიეცეს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.