უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ოთხი წლის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კვლავ მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ შეუძლია უკრაინაში ომის მოგება. ამის შესახებ სტატიას „სქაი ნიუსი“ აქვეყნებს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ვლადიმერ პუტინს უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოს განადგურების მიზანი არ შეუცვლია.
„სქაი ნიუსი“ წერს, რომ რუსული ჯარების მიერ ბოლო დროს ბრძოლის ველზე განცდილ წარუმატებლობას პუტინის რწმენა არ შეურყევია, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები კი მას ხშირად იმ ტერიტორიების ხელში ჩაგდების მცდელობის საშუალებას აძლევს, რომელიც მან ბრძოლის ველზე ვერ მოიპოვა.
გამოცემა წერს, რომ უკრაინელების აზრით, ტრამპი რუსეთის მიერ შეთავაზებული „ფანტასტიკური ბიზნესგარიგებებით“ მოხიბლულია.
პუტინის ფინანსური მრჩეველი კირილ დმიტრიევი, ამტკიცებს, რომ ურთიერთობების აღდგენის შემდეგ აშშ-ისთვის 14 ტრილიონი დოლარის ღირებულების გარიგებები ხელმისაწვდომი გახდება. ამავდროულად, მედიის ცნობით, რუსეთში ამერიკული ინვესტიციების ისტორია ასეთ ოპტიმიზმს არ ადასტურებს.