საშუალოსტატისტიკური ევროპელი ყოველწლიურად 131 კილოგრამ საკვებს ყრის. მონაცემებს ევროპის სტატისტიკური სააგენტო, Eurostat ავრცელებს.
ამ საკვები ნარჩენების ნახევარზე მეტი, ანუ 70 კილოგრამი სახლის ნაგვის ურნაში ხვდება, ხოლო დანარჩენი კაფეებში, სუპერმარკეტებსა და ქარხნებში წარმოიქმნება.
ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტ საკვებს ყრიან:
ბელგია - ერთ ადამიანზე 262 კილოგრამი
დანია - 230 კგ
პორტუგალია - 181 კგ
რეიტინგის საპირისპირო მხარეს არიან და ყველაზე ნაკლები საკვები ნარჩენებით გამოირჩევიან:
სლოვენია - 68 კგ
ხორვატია - 71კგ
შვედეთი - 86 კგ
Eurostat-ის რეიტინგში არ იქნა გათვალისწინებული ჩეხეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ესპანეთის, კვიპროსის, მალტის და რუმინეთის მონაცემები. რუსეთის ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონაცემებით, თითოეული რუსი ყოველწლიურად, საშუალოდ, 80 კილოგრამ საკვებს ყრის.
ევროკავშირმა შესაძლოა, კანონით დაავალდებულოს ქვეყნები, რომ 2030 წლისთვის საკვების ნარჩენების რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირონ. კანონპროექტის თანახმად, ქვეყნებს მაღაზიებში, რესტორნებსა და ოჯახებში, 2020 წლის დონესთან შედარებით, ნარჩენების 30%-ით შემცირება მოუწევთ.
ევროპის ცალკეულ ქვეყნებში უკვე მიზანმიმართულად არიდებენ საკვებს ნაგვის ურნებში მოხვედრას. მაგალითად, ფინეთში სპეციალური აპლიკაცია მოქმედებს, რომელიც რესტორნებში დარჩენილი საკვების შეძენის საშუალებას იძლევა. ასევე, ესპანეთის რესტორნები დაავალდებულეს, შეახსენონ ყოველ მომხმარებელს, რომ დარჩენილი საკვების სახლში წაღება შეუძლიათ.
ამასთან, 2024 წლიდან ბრიუსელის სუპერმარკეტებს გაუყიდავი საკვები პროდუქტების ქველმოქმედების მიზნით გადაცემა მოეთხოვებათ.