პოლიგრაფი, ანუ სიცრუის დეტექტორი იმის დასადგენად გამოიყენება, ჟონავს თუ არა ინფორმაცია ამა თუ იმ უწყების თანამშრომლების მხრიდან. „სწორედ პოლიგრაფის გამოყენებას აპირებს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხების შემცველი ინფორმაციის ბოლოდროინდელი არასანქცირებული გამჟღავნების გამოსაძიებლად“, - ნათქვამია თავდაცვის დეპარტამენტის აპარატის უფროსის, ჯო კასპერის მიერ ხელმოწერილ მემორანდუმში.
მისი ეს ნაბიჯი მოჰყვა ორი დღის წინ „ნიუ იორკ თაიმსის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელ ელონ მასკს, პენტაგონში ვიზიტისას, სავარაუდოდ, ჩინეთთან შესაძლო ომთან დაკავშირებული აშშ-ს სამხედრო გეგმების შესახებ აცნობეს. დონალდ ტრამპმა ეს ინფორმაცია უარყო.
ამ ამბიდან ორი დღის შემდეგ, პენტაგონის აპარატის უფროსმა თავის მემორანდუმში აღნიშნა: „ამ გამოძიებაში პოლიგრაფის გამოყენება შესაბამისობაში იქნება მოქმედ კანონმდებლობასთან და პოლიტიკასთან“.
არ არის პირველი დეპარტამენტი, რომელმაც სიცრუის დეტექტორის გამოყენება მოითხოვა
მანამდე, 9 მარტს, სხვა სამსახურმა, კერძოდ კი შიდა უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ინფორმაციის გაჟონვის წყაროს დასადგენად, თავის თანამშრომლებზე სიცრუის დეტექტორის ტესტს ატარებდა.
დეპარტამენტის მდივანმა, კრისტი ნოემმა აღნიშნა, რომ არალეგალი იმიგრანტების დეპორტაციასთან დაკავშირებული პოლიციის მომავალი ოპერაციების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვით, მისმა ორმა თანამშრომელმა პოლიციის ოფიცრების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.
გულისცემის სიხშირე, არტერიული წნევა, ოფლიანობა და სუნთქვა
პოლიგრაფი, ანუ სიცრუის დეტექტორი არის მოწყობილობა, რომელიც დაკითხვის დროს რამდენიმე პარამეტრს (გულისცემის სიხშირე, სისხლის წნევა, ოფლიანობა, სუნთქვა) ზომავს. თუ ამ პარამეტრებიდან ერთ-ერთი არანორმალურად იცვლება, შესაძლებელია, რომ ადამიანი ტყუის. შესაძლებელია, თუმცა, არა გარანტირებული. ეს მოწყობილობა დებატების საგანს წარმოადგენს ბელგიაში, სადაც ის, მკაცრი ჩარჩოების ფარგლებში, სასამართლო გამოძიებების დროს გამოიყენება.
წყარო: 1 არხი