200-ზე მეტი ბრიტანელი კანონმდებელი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, პალესტინის სახელმწიფო აღიაროს.

ერთობლივ წერილს ხელს აწერს 221 დეპუტატი.

„გვესმის, რომ გაერთიანებული სამეფოს არ აქვს ძალაუფლება, უზრუნველყოს პალესტინის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, გაერთიანებული სამეფოს მიერ აღიარებას მნიშვნელოვანი გავლენა ექნებოდა. ამიტომ მოგიწოდებთ, გადადგათ ეს ნაბიჯი“, – აღნიშნულია წერილში.

წერილის ხელმომწერი კანონმდებლები ასევე მოუწოდებენ მთავრობას, მომავალ კვირას გაერო-ს კონფერენციაზე დასახოს, როდის და როგორ იმოქმედებს თავის დიდი ხნის ვალდებულებასთან დაკავშირებით, რომელიც ორი სახელმწიფოს პრინციპს ეყრდნობა.

გერმანია მოკლევადიან პერსპექტივაში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას არ გეგმავს, მისი პრიორიტეტია ამჟამად პროგრესის მიღწევა ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული დარეგულირებისკენ. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა.

პრესსპიკერის თქმით, ისრაელის უსაფრთხოება გერმანიის მთავრობისთვის უმთავრესი მნიშვნელობისაა.

„ისრაელის უსაფრთხოება გერმანიის მთავრობისთვის უმთავრესი მნიშვნელობისაა. ამიტომ გერმანიის მთავრობას არ აქვს პალესტინის სახელმწიფოს მოკლევადიან პერსპექტივაში აღიარების გეგმები“, – განაცხადეს გერმანიის მთავრობაში.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს.

როგორც მაკრონი განმარტავს, ოფიციალურ განცხადებას სექტემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომაზე გააკეთებს.

„ახლო აღმოსავლეთში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიმართ ისტორიული ვალდებულების შესაბამისად, გადავწყვიტე, რომ საფრანგეთმა აღიაროს პალესტინის სახელმწიფო“, – წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ღაზაში ომის დასრულება და მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენაა.

მაკრონი მშვიდობისთვის რამდენიმე პირობას ასახელებს: დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა, ყველა მძევლის გათავისუფლება და ღაზის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. ასევე „ჰამასის“ დემილიტარიზაცია, ღაზის უსაფრთხოება და აღდგენა.

„აუცილებელია პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, მისი სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა და იმის მიღწევა, რომ დემილიტარიზების მიღებისა და ისრაელის სრული აღიარების შემდეგ ხელი შეეწყოს ახლო აღმოსავლეთში ყველას უსაფრთხოებას. ალტერნატივა არ არსებობს. ფრანგებს მშვიდობა სურთ ახლო აღმოსავლეთში. ჩვენზეა დამოკიდებული, ფრანგებზე, ისრაელელებთან, პალესტინელებთან, ჩვენს ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ვაჩვენოთ, რომ ეს შესაძლებელია“, – წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.

„რას ამბობს, მნიშვნელობა არ აქვს “, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარებს შესახებ.

„ის ძალიან კარგი ბიჭია, მომწონს, მაგრამ ამ განცხადებას წონა არ აქვს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „ჰამასს“ არ სურს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების დადება, რის გამოც ჯგუფის ლიდერებზე ახლა „ნადირობა“ დაიწყება.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონი უარყოფს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გეგმას პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„შეერთებული შტატები კატეგორიულად უარყოფს ემანუელ მაკრონის გეგმას პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე. ეს უგუნური გადაწყვეტილება მხოლოდ „ჰამასის“ პროპაგანდას ემსახურება და მშვიდობას უკან ხევს. ეს 7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის სილის გაწვნაა“, – წერს რუბიო.

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, პალესტინის სახელმწიფოს ნაადრევად აღიარება, შესაძლოა, კონტრპროდუქტიული იყოს.

მისი თქმით, პალესტინის სახელმწიფოს ფაქტობრივი არსებობის გარეშე პალესტინის სახელმწიფოს აღიარება ამ მიზნის მიღწევისთვის, შესაძლოა კონტრპროდუქტიული იყოს.

„მიმაჩნია, პალესტინის სახელმწიფოს აღიარება, პალესტინის სახელმწიფოს ფაქტობრივი არსებობის გარეშე, შესაძლოა, იყოს კონტრპროდუქტიული ამ მიზნის მიღწევისთვის. როდესაც რაღაც არ არსებობს, კერძოდ, პალესტინის სახელმწიფო, და ის აღიარებულია ფურცელზე, არსებობს იმის რისკი, რომ ამოცანა მოგვარებული გამოჩნდეს, იმ დროს, როდესაც ეს ასე არ არის“, – განაცხადა ჯორჯია მელონიმ.