იტალიური კომპანია, Prada შესაძლოა, ბრენდ Versace-ს ერთ-ერთი პოტენციური მყიდველი გახდეს. ინფორმაციას გაზეთი Il Sole 24 Ore ავრცელებს.

Versace ჯგუფ Capri Holdings-ის ნაწილია, რომლის ქვეშაც ბრენდი 2018 წელს 1.83 მლრდ ევროს გარიგების შემდეგ მოექცა.

2023 წელს მოთხოვნის, განსაკუთრებით, ჩინეთში შემცირების გამო, Versace-ს შემოსავალი 28%-ით შემცირდა, ხოლო საოპერაციო ზარალმა 3 მლნ დოლარი შეადგინა. ამასთან, 2024 წელს Capri Holdings-ისა და Tapestry-ის შერწყმის მცდელობაც ჩაიშალა. 8.5 მლრდ დოლარის გარიგება აშშ-ში ბაზრის მონოპოლიზების შეშფოთების გამო დაიბლოკა.

ამის მიუხედავად, 2023 წელს Versace-მ ჯგუფ Capri Holdings-ისთვის, დაახლოებით, 1 მლრდ დოლარის შემოსავალი გამოიმუშავა, რაც ჯგუფის მთლიანი 5.2 მლრდ დოლარის შემოსავლის, დაახლოებით, მეხუთედია.

გავრცელებული ინფორმაციით, Capri Holdings აქტივების გაყიდვის ახალ გზებს ეძებს და Versace-სთვის, ასევე, Jimmy Choo-სა და სხვა ბრენდებისთვის პოტენციური მყიდველების მოძიება Barclays-ს უკვე დაავალა.

Versace-ს მიმართ ინტერესს, Prada-ს გარდა, მოდის სხვა რამდენიმე კონგლომერატი და პირდაპირი ინვესტიციის ფონდები გამოხატავენ. Prada-სა და Versace-ს შერწყმამ შესაძლოა, ფუფუნების ძლიერი იტალიური ცენტრი შექმნას. Prada ბრენდ Versace-ს შეძენას 2018 წელს უკვე განიხილავდა, თუმცა შემდეგ ამ იდეაზე უარი თქვა.

ექსპერტები ამბობენ, რომ შერწყმა ბრენდის საბოლოო შეფასებასა და ბაზრის პირობებზე არის დამოკიდებული, რომლებიც ამჟამად ლუქს-სეგმენტისთვის ხელსაყრელი არ არის.

ცნობისთვის: Versace 1978 წელს ჯანი ვერსაჩემ დააარსა. ამჟამად ბრენდის კრეატიული დირექტორი მისი და, დონატელა ვერსაჩეა.

www.bpn.ge