ვენა საცხოვრებლად მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა. ავსტრიის დედაქალაქი ზედიზედ მეორე წელია, რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს - ამის შესახებ The Economist Intelligence Unit (EIU) ყოველწლიურ ანგარიშში არის ნათქვამი.

რეიტინგი ათობით მაჩვენებლის ქულების სისტემით არის შედგენილი. ძირითად კრიტერიუმებს შორის განვითარების სტაბილურობა, გარემოს მდგომარეობა, ჯანდაცვა, განათლება და ინფრასტრუქტურული ობიექტებით უზრუნველყოფაა. ყველაზე მეტი, ანუ 98,4 ქულა ვენამ დააგროვა. მეორე ადგილზე 98 ქულით კოპენჰაგენი (დანია) გავიდა, ხოლო სიის ტოპ 3-ეული მელბურნმა (ავსტრალია) დახურა, რომელმაც 97,7 ქულა დააგროვა.

საცხოვრებლად მსოფლიოს საუკეთესო ქალაქების ტოპ 10-ეული ასეთია:

  • ვენა (ავსტრია) – 98,4 ქულა
  • კოპენჰაგენი (დანია) – 98
  • მელბურნი (ავსტრალია) – 97,7
  • სიდნეი (ავსტრალია) - 97.4
  • ვანკუვერი (კანადა) - 97.3
  • ციურიხი (შვეიცარია) - 97.1
  • კალგარი (კანადა) და ჟენევა (შვეიცარია) - 96.8
  • ტორონტო (კანადა) – 96,5
  • ოსაკა (იაპონია) და ოკლანდი (ახალი ზელანდია) – 96,0

2023 წლის რეიტინგში დასავლეთ ევროპის ქალაქები ჩამოქვეითდნენ მუშათა გაფიცვებისა და სამოქალაქო არეულობების გამო, რამაც მათი სტაბილურობის რეიტინგები დააზარალა.

EIU-ის წლევანდელ კვლევაში კიევი ისევ გამოჩნდა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 2022 წლის მიმოხილვებში არ შესულა. თუმცა უკრაინის დედაქალაქი სტაბილურობისა და ომის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის მიხედვით 173 ქალაქს შორის 165-ე ადგილზეა.

მოსკოვი, რომელიც 2022 წელს 96-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა, წელსაც სტაბილურად იმავე პოზიციაზე დარჩა.

დამასკო (სირია) და ტრიპოლი (ლიბია) კვლავ სიის ბოლოში არიან, რასაც სოციალური არეულობა, ტერორიზმი და კონფლიქტები განაპირობებს. თუმცა დამასკოსგან განსხვავებით, სადაც გასული წლის შემდეგ არანაირი გაუმჯობესება არ დაფიქსირებულა, ტრიპოლისა და ბოლო ათეულში მყოფი სხვა ქალაქების ქულებმა პანდემიის შემცირების გამო მოიმატა.