ვატიკანში რომის პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონია მიმდინარეობს. მედიის ცნობით, ცერემონიას ასიათასობით ადამიანი ესწრება.
ცერემონიაში 150-მდე საერთაშორისო დელეგაცია იღებს მონაწილეობას.
გავრცელებული ცნობით, ცერემონიას ესწრებიან მსოფლიო ლიდერებისა და სამეფო ოჯახის წევრები, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ბრიტანეთის პრინცი ედუარდი, ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანიზი.
"ქართული ოცნების" მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ინფორმაციით, რომის პაპის ინაუგურაციის ცერემონიას ესწრება „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.
საინაუგურაციო წირვა წმინდა პეტრეს ტაძარში ადგილობრივი დროით დილის 10 საათიდან დაიწყო და ის დაახლოებით 2 საათს გასტანს.
კონკლავმა ახალი პაპი ლეო XIV (რობერტ პრევოსტი) 8 მაისს აირჩია. ის აშშ-ის პირველი წარმომადგენელია, რომელიც სათავეში ჩაუდგა რომის კათოლიკურ ეკლესიას.
რომის პაპის არჩევა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც 21 აპრილს ვატიკანში, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა პაპი ფრანცისკე.
წინააღმდეგობებით სავსე ურთულეს დროში თქვენი მხარდაჭერა ჭეშმარიტი ღირებულებების დასაცავად, თქვენი შემართება და სიმტკიცე ფრიად მნიშვნელოვანი იქნება მთელი მსოფლიოსათვის, - ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის ილია II წერილშია ნათქვამი.
პატრიარქი ლეო XIV-ს ულოცავს რომის პაპად არჩევას.
„მის უწმინდესობას რომის პაპ ლეო XIV-ს
თქვენო უწმინდესობავ,
გულითადად გილოცავთ რომის პაპად თქვენს არჩევას. ეს თქვენი პიროვნების დიდი დაფასებაცაა და თქვენზე დიდი პასუხისმგებლობის დაკისრებაც.
ჩვენს წინააღმდეგობებით სავსე ურთულეს დროში თქვენი მხარდაჭერა ჭეშმარიტი ღირებულებების დასაცავად, თქვენი შემართება და სიმტკიცე ფრიად მნიშვნელოვანი იქნება მთელი მსოფლიოსათვის.
როდესაც შევხვდი მის უწმინდესობას, პაპ ფრანცისკეს, მაშინაც აღვნიშნე და კვლავ გავიმეორებ, რომ რომის საყდარი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ძმების, - პეტრეს და ანდრია მოციქულების დაარსებულია, რაც დღესაც ჩვენს შორის ურთიერთობებს გამორჩეული პატივისცემით მსჭვალავს.
მიიღეთ ჩვენი საუკეთესო სურვილები.
შევთხოვ უფალს, წარმატებულ - ჰყოს თქვენი მოღვაწეობა არა მარტო კათოლიკური სამყაროსათვის, არამედ მთელი კაცობრიობისათვისაც. ძმური სიყვარულით“, - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ილია მეორეს წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო. ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილის „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„კიდევ ერთხელ, გულითადად ვულოცავ მის უწმინდესობა ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას;
დარწმუნებული ვარ, ის ღირსეულად განახორციელებს ამ უაღრესად საპატიო და, ამავდროულად, საპასუხისმგებლო მისიას.
საქართველო ნამდვილად ამაყობს და აფასებს წმინდა საყდართან არსებულ ისტორიულ კავშირებს და მზად არის, განაგრძოს მშვიდობაზე, ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობები!“, - წერს ყაველაშვილი.
წყარო: "რადიო თავისუფლება"