აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენლები Wall Street Journal-ს უყვებიან, რომ ვაშინგტონი სირიიდან ამერიკული ჯარების სრულად გაყვანას განიხილავს.

ეს ხდება იმ ფონზე, როცა სირიის მთავრობამ რეგიონში აშშ-ს სამხედროების მრავალწლიანი პარტნიორის, ქურთების ხელმძღვანელობით შექმნილი სირიის დემოკრატიული ძალების (SDF), წინააღმდეგ შაბათ-კვირას ელვისებური შეტევა განახორციელა, რომელმაც ეს შეიარაღებული ჯგუფი თითქმის სრულ კოლაფსამდე მიიყვანა.

აშშ-ს სამმა ოფიციალურმა პირმა WSJ-ს განუცხადა, რომ პენტაგონის ვარაუდით, SDF-ის სრული კოლაფსის შემთხვევაში ამერიკული სამხედრო მისიის გაგრძელება შეუძლებელი გახდება.

სირიაში დაახლოებით 1 000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება, უმეტესობა ჩრდილო-აღმოსავლეთში განლაგებულ ობიექტებზე, სადაც ისინი SDF-ის ძალებთან ერთად არიან განთავსებულნი. სამხედროების მთავარი მისია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხელახალი აღზევების აღკვეთაა, და ამისთვის ისინი, SDF-თან ერთად, რეგიონში პატრულირებასა და ოპერაციებს ხშირად ატარებენ. გასული კვირის შეტევამდე SDF-ის ძალები ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში არსებულ დაკავების ობიექტებში დაახლოებით 9 000 ISIS-ის პატიმრის დაცვაზე იყვნენ პასუხისმგებელნი.

სირიის ძალებმა SDF-ს ქვეყნის ჩრდილოეთში სამხედრო ბაზაზე, ნავთობის ობიექტებსა და ევფრატის მდინარეზე მდებარე კაშხალი, ასევე ქალაქ რაქასა და დეირ ეზ-ზორზე კონტროლი წაართვეს.

ასევე, გამოცემას ოფიციალური პირები უყვებიან, რომ სირიაში აშშ-ს სამხედრო მისიის შეწყვეტის ერთ-ერთ ფაქტორად პენტაგონში სირიის არმიასთან თანამშრომლობის სირთულეებს ასახელებენ. წყაროების თქმით, სამთავრობო ჯარში მრავლად არიან ჯიჰადისტური სიმპათიების მქონე პირები, მათ შორის ჯარისკაცები, რომლებსაც ალ-ქაიდასა და ISIS-თან კავშირები აქვთ, ასევე სხვები, რომლებიც ქურთებისა და დრუზების წინააღმდეგ სავარაუდო ომის დანაშაულებში იყვნენ ჩართულნი.

ცნობისთვის, 18 იანვარს, სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, სამთავრობო ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთით ქალაქ ტაბქასა და სირიის უდიდეს კაშხალზე კონტროლი დაამყარეს. ტერიტორიას აქამდე ქურთი მებრძოლები აკონტროლებდნენ.

ევფრატის კაშხლის დაკავებამდე, რომელიც რაკის პროვინციაში მდებარეობს, სირიის ძალებმა ალეპოს რეგიონში არაერთი ქალაქი და სოფელი დაიკავეს მას შემდეგ, რაც SDF-ის სარდლობამ განაცხადა, რომ ტერიტორიას დატოვებდა.

SDF-სა და სირიის არმიას შორის შეტაკებები რამდენჯერმე მოხდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდა.

შარაამ პირობა დადო, რომ 14-წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანას გააერთიანებდა, თუმცა ქურთები თავიანთი ავტონომიის გარანტიებს ითხოვენ.

SDF-ის მეთაურმა მაზლუმ აბდიმ 16 იანვარს განაცხადა, რომ მისი ძალები შაბათს ალეპოს აღმოსავლეთით მდებარე პოზიციებიდან გასვლას დაიწყებდნენ, რაც უფრო ფართო შეთანხმების ნაწილია, რომელიც გასული წლის მარტში იქნა მიღწეული.

ქურთების ძალების გასვლა რეგიონში აშშ-ს ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის დელეგაციის ვიზიტს მოჰყვა.

თუმცა, 17 იანვარს ბრძოლები რამდენიმე რეგიონში გაგრძელდა. SDF-ს განცხადებით, მისი ძალები ინტენსიურ შეტაკებებში იყვნენ ჩართულნი სამთავრობო ჯარებთან ტაბქას სამხრეთით, თავრას ნავთობსაბადოს რაიონში, "რაც შეთანხმების ფარგლებს სცდებოდა".

შეერთებულმა შტატებმა სირიის ჯარებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

tabula.ge