იტალიურმა საბანკო ჯგუფმა UniCredit-მა გერმანული Commerzbank-ის შესყიდვაზე ევროკომისიის უპირობო ანტიმონოპოლიური თანხმობა მიიღო. Reuters-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ევროპული საბანკო სექტორის კონსოლიდაციის პროცესისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ტრანსსასაზღვრო საბანკო გაერთიანებების მხარდაჭერის პოლიტიკას უკავშირდება. ევროკომისიის შეფასებით, მსხვილ ბანკებს გაერთიანება საშუალებას აძლევს, უფრო ეფექტიანად იმუშაონ, საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობა გაზარდონ და ეკონომიკურ შოკებს უკეთ გაუმკლავდნენ.

გარიგების შედეგად UniCredit-მა შესაძლოა გერმანიის სიდიდით მეორე ბანკზე კონტროლი მოიპოვოს. იტალიურ ჯგუფს Commerzbank-ის ხმის უფლების მქონე აქციების თითქმის 50% უკვე მოპოვებული აქვს. ივლისში დასრულებული შესყიდვის შეთავაზების ფარგლებში ბანკმა აქციების დამატებით 17.6% მიიღო, რაც მის მანამდე არსებულ წილთან ერთად ხმის უფლების დაახლოებით 49.65%-ს შეადგენს. გარიგების საერთო ღირებულება დაახლოებით 45 მილიარდ ევროდ არის შეფასებული.

შესყიდვის პროცესი გერმანიაში წინააღმდეგობას აწყდება. ქვეყნის მთავრობა, რომელიც Commerzbank-ის 13.3%-იან წილს ფლობს, ბანკის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ემხრობა. ბერლინის მთავარი მოთხოვნებია სამუშაო ადგილების დაცვა, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების გაგრძელება და ფრანკფურტში ბანკის სათავო ოფისისა და საფონდო ბირჟაზე მისი დამოუკიდებელი სტატუსის შენარჩუნება.

UniCredit-ის ხელმძღვანელი ანდრეა ორსელი Commerzbank-ის მართვის სტრუქტურის შეცვლასაც გეგმავს. ბანკზე კონტროლის მოპოვების შემდეგ იტალიური ჯგუფი გერმანული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წარმომადგენლების არჩევას აპირებს. UniCredit-ის მოლოდინით, დარჩენილი მარეგულირებელი პროცედურები ნოემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება ბანკის მართვაში უშუალო ჩართვა.