ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა გამოვიდა მოწოდებით, რომ უნგრეთს ევროკავშირის საბჭოში ხმის უფლება შეუჩერდეს.

როგორც მედია წერს, ამის შესახებ ცაჰკნამ მას შემდეგ გააკეთა განცხადება, რაც უნგრეთის მოთხოვნის გამო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გახანგრძლივება გაჭიანურდა და გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გახდა ევროკავშირის შავი სიიდან სამი რუსი ოლიგარქის ამოღება.

„პოლიტიკური მიზეზების გამო უნგრეთმა სანქციების გაგრძელება დამოკიდებული გახადა სანქციების სიიდან რუსი ბიზნესმენების ვიაჩესლავ კანტორის, მიხაილ დეგტიარევისა და გულბახორ ისმაილოვას ამოღებაზე“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცაჰკნას თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის და შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

„უნგრეთი სისტემატურად მუშაობს ევროპის საერთო უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ და ამიტომ, ჩვენ სწრაფად უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები და გავაგრძელოთ მოქმედება მე-7 მუხლის პროცედურის მიხედვით, ანუ უნგრეთისთვის ხმის უფლების შეჩერებისკენ“, – დასძინა ცაჰკნამ.

ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლი საშუალებას იძლევა, წევრ სახელმწიფოს დროებით შეუჩერდეს გარკვეული უფლებები, თუ ადგილი აქვს წევრი სახელმწიფოს მიერ ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების სერიოზულ და მუდმივ დარღვევას.

წყარო: 1 არხი