უნგრეთი ბლოკავს ევროკომისიის წინადადებას - „გეგმა B“-ს, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, რომელიც ჩაფიქრებულია ალტერნატივად, თუკი ვერ მოხერხდება - რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენება 165 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის დასაფარად, უკრაინის აღდგენის მიზნით.

Politico-ს თანახმად, ბუდაპეშტი ეწინააღმდეგება უკრაინის დასახმარებლად საერთო ევროპული ობლიგაციების გამოშვებას, ხოლო ევროკავშირისთვის, ამ ეტაპზე, ეს ყველაზე რეალისტური გზაა, უკრაინის დასახმარებლად, 2026 წელს. გამოცემა ხაზს უსვამს ბელგიის მიერ გამოხატულ სკეპტიციზმსაც. ბელგიაში განთავსებულია გაყინული რუსული აქტივების უდიდესი ნაწილი. ბრიუსელი შიშობს, რომ რუსეთი თავისი აქტივების დაბრუნებას მოითხოვს სწორედ ბელგიისგან და არა მთლიანად ევროკავშირისგან.

Politico აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, პარასკევ საღამოს, უნდა გამართულიყო გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მოლაპარაკებები ბელგიის მთავრობის მეთაურთან. ამ შეხვედრის შედეგები არ არის ცნობილი.

მანამდე, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი არ უარყოფდა რუსეთის სახსრების გამოყენებას, მაგრამ ითხოვდა, რომ პოტენციური იურიდიული და ფინანსური გამოწვევების ტვირთი ევროკავშირის ყველა ქვეყანაზე გადანაწილებულიყო.

ბელგიაში განთავსებულია Euroclear-ის სადეპოზიტო ობიექტი, რომელიც მოიცავს რუსეთის გაყინული აქტივების უდიდეს ნაწილს, რაც საერთო ღირებულებით - 200 მილიარდ ევროს აჭარბებს. ევროკომისიის გეგმის თანახმად, ამ სახსრების დიდი ნაწილი უნდა მოხმარდეს უკრაინის დახმარებას, ე.წ. სარეპარაციო კრედიტის სახით. იურიდიულად, სახსრების კონფისკაცია არ მოხდება, მაგრამ მათ დაბრუნებას რუსეთი შეძლებს მხოლოდ უკრაინისთვის რეპარაციის გადახდის შემდეგ - საიდანაც უკრაინა სესხს დააბრუნებს.

სააგენტო Bloomberg-ის თანახმად, აშშ არწმუნებს ევროპის რიგ ქვეყნებს, რომ მხარი არ დაუჭირონ „სარეპარაციო კრედიტს“ უკრაინისთვის - რადგან რუსეთის გაყინულ აქტივებს ვაშინგტონი განიხილავს ზეწოლის ბერკეტად ომის დასრულებისა და მშვიდობის დამყარების გზაზე.

აშშ შესაძლებლად თვლიდა რუსეთის გაყინული აქტივების - 100 მილიარდი დოლარის - გამოყენებას უკრაინის აღდგენის პროცესში, თუკი ვაშინგტონი მიიღებდა 50%-იან შემოსავალს. ასეთი შეთავაზება აშშ-ის თავდაპირველ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში იყო ასახული; თუმცა შემდეგ იუწყებოდნენ, რომ ამ პუნქტში ცვლილებები შევიდა. მოსკოვი ოფიციალურად კატეგორიული წინააღმდეგია და სახსრების კონფისკაციის შემთხვევაში საპასუხო ნაბიჯებით იმუქრება.

რუსეთი კატეგორიულად უარყოფს მისი აქტივების ნებისმიერი ფორმით გამოყენებას და უკრაინისთვის მის გამოყენებას ქურდობად თვლის.

უკრაინის ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით ევროპელი ლიდერების მსჯელობა გაგრძელდება 18 დეკემბერს დანიშნულ სამიტზე, ბრიუსელში.

რუსეთი უკრაინაში შეიჭრა 2022 წლის 24 თებერვალს და მას შემდეგ ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს; მათ შორის - ბომბავს უკრაინის ქალაქებს, საცხოვრებელ უბნებს, რასაც ახლავს დიდი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს სანქციების არაერთი პაკეტი დაუწესეს. აქტივების გაყინვა ამ პროცესის ნაწილია.

უკვე თვეებია, აშშ ცდილობს ომის დასრულებას, მხარეებს შორის მოლაპარაკებების გზით.

www.radiotavisupleba.ge