"საქართველოს ქარის ენერგიის ასოციაციის" პრეზიდენტის, მამუკა მიქაშავიძის ინფორმაციით, ჩინური კომპანიები ქართული ენერგეტიკული ბაზრით აქტიურად ინტერესდებიან, რაც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს გეგმას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელით ევროპას დაუკავშირდეს და ჭარბი განახლებადი ენერგია აწარმოოს.

როგორც გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-ზე" მამუკა მიქაშავიძე აღნიშნავს, მწვანე ენერგიის განვითარებას აქამდე მონოპოლისტური ქსელები აფერხებდნენ, თუმცა ქარის ელექტროსადგურების პირდაპირ სახელმწიფო ქსელში მიერთების შემთხვევაში, ქვეყანას რეალური შესაძლებლობა ექნება ელექტროენერგია, დაახლოებით 45%-ით გააიაფოს.

"ჩინური კომპანიები ქართული ბაზრით იმ მიზეზით ინტერესდებიან, რომ საქართველო ევროპასთან წყალქვეშა კაბელით დაკავშირებას გეგმავს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანამ ჭარბი განახლებადი ენერგია უნდა აწარმოოს. საქართველოს ამის შესაძლებლობა ნამდვილად აქვს, რადგან ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად განვითარდა და სახელმწიფოს დიდი ენერგეტიკული პოტენციალი გააჩნია. აქამდე ახალი გენერაციის ობიექტების ქსელში ჩართვას მონოპოლისტური ქსელები აფერხებდნენ, მაღალი ტარიფებიც მოქმედებდა, რის გამოც ბევრი პროექტი შეჩერებული იყო.

ქვეყანამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ახალი გენერაციის ობიექტები პირდაპირ სახელმწიფო ქსელს შეუერთდეს. ეს საშუალებას მოგვცემს, ელექტროენერგია გაცილებით დაბალ ფასად მივიღოთ. თუ ქარის ელექტროსადგურები პირდაპირ სახელმწიფო ქსელში ჩაერთვება, ქვეყანას დაახლოებით 45%-ით იაფი ელექტროენერგია ექნება, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება, როგორც სოციალური, ისე საწარმოო მიმართულებით. ეს ყველაფერი სრულიად რეალისტურია", - აღნიშნავს მამუკა მიქაშავიძე.

წყარო: ბიზნესპარტნიორი