შაქარი — ტკბილი, დამაკმაყოფილებელი, ყველგან მყოფი. ხილიდან დაწყებული, დამუშავებული სუფრის შაქრითა და სასმელებით დამთავრებული, თითქმის ყველაფერშია, რასაც ვჭამთ.

მართალია, გემრიელია, მაგრამ შაქარი გვაძლევს ე. წ. ცარიელ კალორიებს — ენერგიას ძირითადი საკვები ნივთიერებების გარეშე. მისი ჭარბად მოხმარება დაკავშირებულია სიმსუქნესთან, მეორე ტიპის დიაბეტთან, გულის დაავადებებთან და კბილის პრობლემებთან; ამიტომ სულაც არაა უცნაური, რომ ჯანდაცვის უწყებები მისი ამოღებისკენ მოგვიწოდებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, დამატებული შაქარი უნდა იმ დონემდე შევამციროთ, რომ მასზე კალორიების დღიური დოზის მხოლოდ 10 პროცენტი მოდიოდეს, BMJ კი უფრო დაბალ მაჩვენებელს გვირჩევს — დღეში არაუმეტეს ექვსი ჩაის კოვზისა (25 გრ) ქალებისთვის და ცხრა ჩაის კოვზისა (38 გრ) კაცებისთვის.

საპასუხოდ, მრავალი ადამიანი გადადის დამატკბობლებზე — შაქრის ალტერნატივაზე, რომელიც ტკბილია, მაგრამ არ შეიცავს კალორიებს. მათ შორის პოპულარულია ასპარტამი, სუკრალოზა, სტევია და ბერის ხილის (Siraitia grosvenorii) ექსტრაქტი.

ეს დამატკბობლები გვხვდება მრავალ დიეტურ სასმელში, უშაქრო ხემსებში და დაბალკალორიულ საკვებში; მათი მიზანია სხეულის წონისა და სისხლში შაქრის დონის მართვა.

თუმცა, ყველაფერი, რაც ტკბილია, სინამდვილეში ტკბილი როდია. განვიხილოთ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საკამათო შაქრის შემცვლელი — ასპარტამი.

ასპარტამი ხელოვნური დამატკბობელია, რომელიც 1965 წელს აღმოაჩინეს; არის შაქარზე 180-200-ჯერ უფრო ტკბილი. რეგულირების ქვეშ პირველად აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) მოაქცია 1974 წელს, 1981 წელს კი მშრალ საკვებში მოხმარებისათვის დაამტკიცა.

დღეისათვის ის 6000-ზე მეტ საკვებ და სასმელ პროდუქტში და 600-ზე მეტ პრეპარატში შედის.

ასპარტამს თავდაპირველად სიმსუქნის შესამცირებლად და დიაბატის მქონეთათვის იყენებდნენ — იძლეოდა ტკბილ გემოს შაქრის გარეშე. თუმცა, ათწლეულობით მოხმარების მიუხედავად, მისი უსაფრთხოება დღემდე ცხარე სამეცნიერო და საჯარო დებატების საგანია.

ვრცლად პირველ არხზე