თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი ოფიციალური ვიზიტით ბერლინს ეწვია და გერმანელ კოლეგას, იოჰან ვადეფულს შეხვდა

კოლეგებმა, მათ შორის, ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების მოლაპარაკებების გაგრძელების შესაძლებლობა განიხილეს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აღნიშნა, რომ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ შეფასებასთან პრობლემა არ აქვთ და ქვეყნისთვის EU-ში გაწევრიანება კვლავ “სტრატეგიულ ამოცანად” რჩება, თუმცა ევროკავშირის მხრიდან პროცესის წინ წაწევას მოელიან. 

“ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების პროცესში კრიტერიუმებზე დაფუძნებულ შეფასებასთან რაიმე პრობლემა არ გვაქვს და ვერც გვექნება. ასეთია თამაშის წესები. თუ კლუბში გაწევრიანება გსურთ, მას თავისი წესები აქვს და ყველა საჭირო მოთხოვნა უნდა შეასრულოთ. თუმცა, აქ, რა თქმა უნდა, მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პროცესი ამჟამად რეალურად წინ არ მიიწევს, ახალი თავები არ იწყება. ამის თაობაზე იოჰანთან საჭირო დისკუსიები გვქონდა. უწინდებურად მოველით, რომ EU გაწევრიანების მოლაპარაკებების თავებს ხელახლა დაიწყებს და თურქეთთან პროცესს მაქსიმალურად ნორმალურ საფუძველზე განაგრძობს. კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, თუ რამდენად ძლიერია ჩვენი პრეზიდენტის პოლიტიკური ნება ევროკავშირთან ურთიერთობებთან და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით. გვწამს, რომ ამ მხრივ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა არის შესაძლებელი. განვიხილეთ ამ ნაბიჯების გადასადგმელად ჩვენი მზაობა და ის, თუ რისი გაკეთება არის შესაძლებელი. როგორც იცით, ამჟამად ჩვენი საბაჟო კავშირის განახლება, ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგი მიმდინარეობს და ჩვენი მოქალაქეები შენგენის ვიზების მიღებასთან დაკავშირებით სირთულეებს აწყდებიან. ამ სირთულეების გადალხვა ამჟამად ჩვენთვის პრიორიტეტია, თუმცა ევროკავშირში წევრობა კვლავ თურქეთის სტრატეგიულ ამოცანად რჩება. ამ მიმართულებით ყველა საჭირო დიპლომატიურ ძალისხმევას, დიალოგსა და ტექნიკურ სამუშაოს განვაგრძობთ”. - თქვა ფიდანმა.

ვადეფულმა ხელახლა გაიმეორა გერმანიის მზაობა, რომ თურქეთს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში მხარი დაუჭიროს, თუმცა ქვეყანას მოუწოდა, რომ მოლაპარაკებების დასაწეყბად აუცილებელი კოპენჰაგენის კრიტერიუმები დააკმაყოფილოს, რომლებიც, მათ შორის, კანონის უზენაესობის, დემოკრატიისას და უმცირესობათა უფლებების დამცველი ინსტიტუტების სტაბილურობას მოიცავს. 

“თურქეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა მრავალი თვალსაზრისით. შესაბამისად, აშკარაა, რომ ევროკავშირსა და თურქეთს შორის კავშირების გაძლიერება ჩვენს ინტერესებში შედის. თუ თურქეთს EU-ში გაწევრიანება სურს, გერმანია მისი ერთ-ერთი სანდო და მეგობრული პარტნიორი იქნება. თურქეთმა უნდა აჩვენოს, რომ ამას სერიოზულად ეპყრობა”. - თქვა ვადეფულმა. 

თავის მხრივ,  თურქეთში ადამიანების უფლებების ვითარების შესახებ ფიდანმა თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შემთხვევაში თურქეთში ამ მიმართულებით ცვლილებები შესრულდება. 

გარდა ამისა, ვადეფულმა აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკური ფონის ცვლილების გათვალისწინებით ევროკავშირის მხრიდან უსაფრთხოების გაძლიერების ძალისხმევა NATO-ს ძალისხმევის შესაბამისი უნდა იყოს და ევროპისთვის უსაფრთხოების ქმედების (SAFE) მექანიზმი არაწევრი ქვეყნებისთვისაც უნდა იყოს ღია, მათ შორის, თურქეთისთვისაც. 

“თურქეთი ყოველთვის NATO-ს სანდო მოკავშირე იყო. ჩვენ, ფედერალური მთავრობა, ყოველთვის ვემხრობოდით ჩვენი კავშირების ამაღლებას, განსაკუთრებით კი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში”. - თქვა ვადეფულმა. 

თავის მხრივ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც ხელახლა გამოხატა სურვილი, რომ თურქეთმა ევროკავშირთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა გააძლიეროს.

“სანამ თურქეთი წევრი გახდება, უსაფრთხოების მექანიზმებში თურქეთის მონაწილეობისთვის ინოვაციური გადაჭრის გზები უნდა ვიპოვოთ”. - თქვა ფიდანმა. 

ამასთან, ფიდანმა და ვადეფულმა, მათ შორის, ახალი გეოპოლიტიკური ფონის გათვალისწინებით  გერმანიასა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების საჭიროება და ქვეყნებს შორის ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა განიხილეს. 

Tabula.ge