ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემებით, ევროპაში მარტოსული ადამიანების რიცხვი იზრდება, ყველაზე სწრაფი ზრდა ახალგაზრდებსა და მამაკაცებს შორისაა – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
OECD–ს ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროპელების 8%-ს არ ჰყავს ახლო მეგობრები და 3%-ს არ ჰყავს ახლო ნათესავები, რომლებთანაც ურთიერთობა შეუძლია.
სოციალური კავშირების ნაკლებობით ყველაზე მეტად საფრანგეთისა და ლიეტუვის მცხოვრებლები იტანჯებიან.
ფრანგების 11%-მა და ლიეტუველების 8%-მა აღიარა, რომ გამოკითხვამდე მთელი თვის განმავლობაში თავს „ძალიან მარტოსულად“ გრძნობდნენ - ისინი მოკლებული იყვნენ როგორც მეგობრებთან, ასევე ოჯახის წევრებთან კომუნიკაციას.
თუ ინდივიდუალურ პარამეტრებს გავითვალისწინებთ, ცხოვრებაში ნამდვილი მეგობრების ყველაზე დიდი დეფიციტი უნგრეთში იგრძნობა, ხოლო ახლო ნათესავებთან კომუნიკაციის ნაკლებობა - ბელგიაში.
საბერძნეთსა და სლოვენიაში მარტოობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. იქ ადამიანები მეგობრებსა და ოჯახის წევრებს დღეში ერთხელ მაინც ესაუბრებიან.
ანგარიშის თანახმად, სოციალიზაციისთვის დროის ნაკლებობა და მარტოობის განცდა ყოველწლიურად მსოფლიოში 871 000 სიკვდილის მიზეზი ხდება. მარტოობა ასევე ასოცირდება დაბალ პროდუქტიულობასთან და უმუშევრობის გაზრდილ რისკთან.
ახალგაზრდებისა და მამაკაცების გარდა, რისკის ჯგუფში სოციალური კავშირების თვალსაზრისით არიან ისინი, ვინც სამსახური დაკარგეს ან დაბალი შემოსავალი აქვთ. ყველა მათგანი ორჯერ უფრო მეტად საუბრობს საკუთარ მარტოობაზე.
ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რატომ არიან ახალგაზრდა მამაკაცები უფრო მეტად მარტოხელები. შესაძლოა, ეს ციფრული ტექნოლოგიების გავლენით იყოს გამოწვეული, რამაც შეიძლება რეალობისგან გათიშვის შეგრძნება გამოიწვიოს.
გერმანიამ, დანიამ, ფინეთმა, ნიდერლანდებმა, შვედეთმა და ესპანეთმა მარტოობასთან საბრძოლველად ეროვნული სტრატეგიები დანერგეს.