Reuters-ს ორმა ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, რომ როსნეფტის კუთვნილმა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ 2 აგვისტოდან ნავთობის გადამუშავება შეაჩერა, მას შემდეგ რაც უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად საწარმოო ობიექტები დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა.

სააგენტოს წყაროების ინფორმაციით, წელიწადში 7 მილიონი ტონა გადამუშავების სიმძლავრის მქონე ქარხანაში გაჩერებულია ნავთობის პირველადი გადამუშავების ერთადერთი დანადგარი - AVT-6. Reuters-ის წყაროების შეფასებით, სარემონტო სამუშაოები შესაძლოა 2-3 კვირა გაგრძელდეს.

სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონების თავდასხმის სამიზნე გახდა მიმდინარე წლის 8 ივლისსაც გახდა, რის შედეგადაც ნავთობის გადამუშავება დროებით მაშინაც შეჩერდა. წყაროების ინფორმაციით, ქარხანამ მუშაობა გაჩერებიდან დაახლოებით ერთ კვირაში განაახლა.

ცნობისთვის, ორშაბათიდან ნავთობის გადამუშავება ასევე შეაჩერა ლუკოილის ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, რომელიც სიმძლავრით რუსეთის ათ უდიდეს ქარხანას შორისაა და ქვეყნის ნავთობგადამუშავების დაახლოებით 5%-ს უზრუნველყოფს.

EA Analytics-ის მონაცემებით, ივლისში დრონების თავდასხმების გამო რუსეთში მუშაობა რვა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ შეაჩერა, მათ შორის რუსეთის ყველაზე დიდმა ომსკის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, ასევე რიაზანის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ და Нижегороднефтеоргсинтез-მა. ამის შედეგად რუსეთის ნავთობის გადამუშავების საერთო მოცულობა დღეში 3.6 მილიონ ბარელამდე დაეცა, რაც EA Analytics-ის მიხედვით 2002 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.