უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს ჯორჯია მელონის იდეას, რომ ნატო-ს მე-5 მუხლი უკრაინაზეც გავრცელდეს ალიანსში მისი გაწევრიანების გარეშე. აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, გიორგი ტიხიმ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინული მხარე მიესალმება იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებას, როგორც დისკუსიის ნაწილს, უკრაინისთვის უსაფრთხოების წინასწარი გარანტიებისა და, ზოგადად, უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფის შესახებ.

ტიხიმ აღნიშნა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა იტალიელ პარტნიორებთან.

„ჩვენ კავშირზე ვართ იტალიელ პარტნიორებთან, რათა გავარკვიოთ ამ წინადადების კონკრეტული დეტალები. ის ახლა გაჟღერდა, როგორც ზოგადი იდეა. გვინდა, გავიგოთ, რა იგულისხმება უფრო დეტალურად, უფრო კონკრეტულად ამ წინადადების მიღმა“, – განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი გამოვიდა ინიციატივით, რომ ნატო-ს მე-5 მუხლი უკრაინაზეც გავრცელდეს ალიანსში გაწევრიანების გარეშე. გამოცემა „ფაინენშელ თაიმსის” ცნობით, იტალიის მთავრობის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ უკრაინაზე ნატო-ს მე-5 მუხლის გავრცელება იქნება სტაბილური, გრძელვადიანი და ეფექტური უსაფრთხოების გარანტი, ვიდრე სამშვიდობო კონტინგენტის განთავსება ცეცხლის წყვეტის შემდეგ.

ნატო-ს მე-5 მუხლის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ ევროპის ან ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე, ერთ ან რამდენიმე მათგანზე თავდასხმა უნდა იქნეს განხილული, როგორც თავდასხმა ყველა მათგანზე.