უკრაინის საერთაშორისო რეზერვები ივნისში $39 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.
1-ელი ივლისის მდგომარეობით, უკრაინის საერთაშორისო რეზერვები, წინასწარი მონაცემებით, $38,9 მლრდ-ს შეადგენდა.
მანამდე საერთაშორისო რეზერვების მაქსიმალური დონე 2011 წლის 1-ელ მაისს დაფიქსირდა - $38,3 მილიარდი.
აღნიშნულია, რომ ივნისის თვეში საერთაშორისო რეზერვების ზრდა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სტაბილური და რიტმული შემოსავლების დამსახურებით მოხდა, რამაც ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის წმინდა გაყიდვას და საგარეო ვალების უცხოურ ვალუტაში გადახდებსაც კი გადააჭარბა.
ასევე, რეზერვების დინამიკაზე მარეგულირებლის მიერ სავალუტო ბაზარზე განხორციელებულმა ოპერაციებმა იმოქმედა. ივნისში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე $1,863 მლრდ დოლარი გაყიდა და რეზერვებში $49,6 მლნ იყიდა.
უკრაინის ეროვნული ბანკის ცნობით, საერთაშორისო რეზერვების ამჟამინდელი მოცულობა მომავალი 5.2 თვის იმპორტის დაფინანსებას უზრუნველყოფს.