აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი CBS News-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ უკრაინის მომავალი NATO-შია და ეს განხილვას არ ექვემდებარება.
„დიახ - ჩვენ ძალიან მარტივად ვთქვით, რომ უკრაინის მომავალი NATO-შია და ზუსტად ამას ვგულისხმობდით. ეს არ ექვემდებარება განხილვას. ეს არის ის, რაზეც 31-ვე მოკავშირემ აიღო ვალდებულება“, - აცხადებს სალივანი.
თეთრი სახლის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ დასავლეთი გააგრძელებს რუსეთის ეკონომიკურ შევიწროებას, უკრაინა კი ამას ბრძოლის ველზე გააკეთებს.
„დასავლეთი მუშაობს ჩვენი სანქციების გამკაცრებაზე, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზის განადგურებასა და მისი ტექნოლოგიური წარმოების უნარის მოშლაზე. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლას, ხოლო უკრაინელები, რუსეთზე სამხედრო ზეწოლას. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ საბოლოოდ, თუ რუსეთი გადაწყვეტს ამ ომში ბრძოლის გაგრძელებას, მას ეს ძვირად დაუჯდება და უკრაინა გააგრძელებს ბრძოლის ველზე წინსვლას“.