„უკრაინის დაყოფის“ შესახებ The Times-მა ჩემი სიტყვები არასწორად გადმოსცა, - ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის წარმომადგენელი, კიტ კელოგი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„The Times-ის სტატიაში ჩემი სიტყვები არასწორად არის გადმოცემული. მე ვსაუბრობდი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინის სუვერენიტეტის მხარდამჭერ სამშვიდობო ძალებზე. დაყოფის შესახებ საუბრისას ვგულისხმობდი მოკავშირეთა ძალების (აშშ-ის ჯარების გარეშე) პასუხისმგებლობის ზონებს. მე უკრაინის დაყოფას არ ვგულისხმობდი“, - წერს კელოგი.

ცნობისთვის, მანამდე The Times-მა სტატია გამოაქვეყნა, სადაც კიტ კელოგი აცხადებს, რომ უკრაინა შეიძლება ისე დაიყოს, როგორც ბერლინი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

„შეიძლება ეს ისე გაკეთდეს, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბერლინთან დაკავშირებით მოხდა და რუსული, ფრანგული, ბრიტანული და ამერიკული ზონები იყოს“, - აღნიშნა კელოგმა.

კელოგის განცხადებით, უკრაინის დასავლეთ ტერიტორიებს ფრანგული და ბრიტანული ჯარები გააკონტროლებენ, ხოლო რუსეთის არმია ოკუპირებულ აღმოსავლეთს. მათ შორის კი უკრაინული ჯარები და დემილიტარიზებული ზონა იქნება.

წყარო: ipn.ge