უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომლითაც სანქციების სახელმწიფო რეესტრი შეიქმნა. ამ გადაწყვეტილებას 314-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კანონი ადგენს, რომ სანქციების სახელმწიფო რეესტრი არის საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სანქციებს დაქვემდებარებული ყველა სუბიექტის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, დაგროვებას, დაცვას, აღრიცხვას, ასახვას, დამუშავებასა და მიწოდებას. რეესტრი იქმნება იმისთვის, რომ სანქციების ქვეშ მყოფი ყველა სუბიექტის შესახებ განახლებულ და სანდო ინფორმაციაზე უფასო საჯარო წვდომა უზრუნველყოს. რეესტრის მონაცემები ღია და საჯაროა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
რეესტრში შენახვისა და წვდომის წესი სანქციების სახელმწიფო რეესტრის დებულებით განისაზღვრება, რომელიც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ არის დამტკიცებული.
რეესტრი, ეროვნული სტანდარტების პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, სახელმწიფო და ინგლისურ ენებზე იწარმოება. ეს უზრუნველყოფს მის თავსებადობასა და ურთიერთქმედებას სხვა საინფორმაციო სისტემებთან და ქსელებთან, რომლებიც სახელმწიფოს საინფორმაციო რესურსს ქმნიან.
რეესტრი შეიცავს ინფორმაციას სანქციების გამოყენების, გაუქმების ან ცვლილების საფუძვლების შესახებ, ასევე, სანქციების სიას, რომელიც თითოეული სანქცირებული პირის კონტექსტში გამოიყენება, უქმდება ან იცვლება. წარმოდგენილია იმ პირთა სიაც, რომელთა მიმართ იქნა გამოყენებული სანქციები და ინფორმაცია მათი იდენტიფიკაციისათვის.
რეესტრს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს აპარატი აწარმოებს, რომელიც მისი წარმმართველია. სანქციების სახელმწიფო რეესტრი აპარატის მიერ გაზეთ „უკრაინის ხმაში“ განცხადების გამოქვეყნების დღიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.
ცნობისთვის: 25 მაისს უკრაინის სამთავრობო სასანქციე პორტალ WAR AND SANCTIONS-ზე („ომი და სანქციები“) ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი (მათ შორის ბორისის სახელით) დასანქცირების კანდიდატის სტატუსით აიტვირთა. ამასთან, 1 ივნისს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სანქციების ახალ პაკეტში ქართული ავიაკომპანია, Georgian Airways და მისი მფლობელი, თამაზ გაიაშვილი შეიყვანა.
bpn.ge