სახელმწიფო კომპანია „სპეცტექნოექსპორტი“, რომელიც დღემდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოს ექვემდებარება, შესაძლოა, იარაღის მიწოდების შეფერხებასა და ამ იარაღის ფასის გაბერვაში იყო ჩართული.

ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდას“ ჟურნალისტურ გამოძიებაშია აღნიშნული.

ჟურნალისტების ცნობით, მსხვილი სამხედრო კონტრაქტები დროულად არ სრულდება, რაც უკრაინას აიძულებს, იარაღის მომწოდებლებს უჩივლოს და ამაში დიდი დრო და ფული დაკარგოს. ეს, თავის მხრივ, იწვევს სამხედროებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რესურსების მიღების შეფერხებას, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე პირდაპირ აისახება.

როგორც ჟურნალისტურ გამოძიებაშია ნათქვამი, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ კონტრაქტების ღირებულება ხშირად რამდენჯერმეა გაზრდილი და ამ კუთხით, ფასებზე კონტროლი კვლავ არ არსებობს. იმპორტის სპეციალური შესყიდვების ბაზარზე მოქმედი კომპანიები საკმარისად ანგარიშვალდებულნი არ არიან და მთავრობის მხრიდან მინიმალური კონტროლის პირობებში აგრძელებენ მუშაობას.

„უკრაინსკაია პრავდას“ რედაქციას ხელში ჩაუვარდა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის სახელზე „სპეცტექნოექსპორტის“ ხელმძღვანელის, ალექსეი პეტროვის მიერ გაგზავნილი წერილი.

მასში ნათქვამია, რომ „სპეცტექნოექსპორტის“ მიერ კონტრაქტების შეუსრულებლობაში დამნაშავეა არა თავად უკრაინული სახელმწიფო საწარმო, არამედ ამაზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ უცხოურ კომპანიებს, რომლებთანაც „სპეცტექნოექსპორტს“ კონტრაქტები აქვს გაფორმებული.

როგორც ცნობილი გახდა, „სპეცტექნოექსპორტმა“ სახელმწიფოს უკან დაუბრუნა დაახლოებით 9 მილიარდი უკრაინული გრივნა, რომელიც მას თავდაცვის ძალებისთვის იარაღის შესაძენად წინასწარი გადახდით ჰქონდა ჩარიცხული. დაუბრუნა ისე, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებს ეს იარაღი, სავარაუდოდ, არასოდეს მიუღიათ.

როგორც გამოძიებაშია აღნიშნული, „სპეცტექნოექსპორტის“ წინააღმდეგ, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო აკონტროლებს, ახლა უკრაინის სასამართლოებში ათობით საქმე განიხილება (თავად თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოთქმული პრეტენზიების გამო).

პეტროვის კომენტარი

„სპეცტექნოექსპორტის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი პეტროვმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„თავდაცვის სამინისტროს იურისტები მიიჩნევენ, რომ ვადაგადაცილებული დებიტორული დავალიანება გვაქვს. არ მგონია, რომ ვადაგასული იყოს... ანუ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვადაგადაცილებული არ არის. პატივცემულ თავდაცვითი შესყიდვების სააგენტო და თავდაცვის სამინისტრო თუ ფიქრობს, რომ დროულად არ მივაწოდეთ იარაღი, ამაზე გიპასუხებთ, რომ ხელშეკრულების პირობები მათ არ შეასრულეს, როდესაც წინასწარ გადმორიცხვები არ განახორციელეს“,- განუცხადა პეტროვმა ჟურნალისტებს.

ამავდროულად, ჟურნალისტი-გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ თავდაცვის მინისტრის მოადგილის, კლიმენკოვისადმი მიწერილ წერილში ალექსეი პეტროვი იარაღის დროული მიწოდების შეფერხების სულ სხვა მიზეზებს ასახელებს. ეს მიზეზია: წითელ ზღვაში ჰუსიტების გააქტიურება, გაურკვეველი ძალების მხრიდან არსებითი ცვლილების დაწყება, ფორსმაჟორული გარემოებები, უპასუხისმგებლო და არაკეთილსინდისიერი ქცევა, საქონლის მიმწოდებელი უცხოური კომპანიების უპასუხისმგებლო ქმედება...

ჟურნალისტურ გამოძიებაში ასევე ნათქვამია, რომ „სპეცტექნოექსპორტის“ ირგვლივ რთული ვითარებაა შექმნილი არა მხოლოდ გარკვეული კონტრაქტების შეუსრულებლობისა და მიწოდების დაგვიანების შემთხვევების გამო, არამედ იმიტომაც, რომ საზღვარგარეთ შეძენილი იარაღის საბაზრო ღირებულება რეალურ ფასს ყოველთვის არ შეესაბამება.

„უკრაინსკაია პრავდას“ წყაროების თანახმად, იმ პერიოდში, როდესაც თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელს, კირილ ბუდანოვს კარგი ურთიერთობა ჰქონდა პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, თავდაცვის სამინისტროს, პრეზიდენტის ოფისისა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან „სპეცტექნოექსპორტის“ ყველა შემოწმება დაიბლოკა. სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა, „სპეცტექნოექსპორტის“ შესყიდვების შესწავლის კუთხით, საერთოდ შეჩერდა და თავდაცვის სამინისტრომ, „სპეცტექნოექსპორტის“ მეშვეობით, თავდაცვითი შესყიდვების სააგენტოსთვის შეკვეთების გაცემაც კი განაგრძო.

თუმცა, „უკრაინსკაია პრავდას“ წყაროების თანახმად, რამდენიმე კვირის წინ, პრეზიდენტის ოფისმა ბუდანოვისგან „სპეცტექნოექსპორტის“ ხელმძღვანელის, ალექსეი პეტროვის გათავისუფლება მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.

თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, რომ „სპეცტექნოექსპორტი“ ისევ თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში ბრუნდება.

„უკრაინსკაია პრავდას“ მოთხოვნის საპასუხოდ, რუსტემ უმეროვმა სახელმწიფო კომპანია „სპეცტექნოექსპორტის“ მთავარი სადაზვერვო სამმართველოდან თავდაცვის სამინისტროში დაბრუნების მიზეზები განმარტა.

„დებიტორულ დავალიანებასთან და სხვა ფინანსურ-სამეურნეო დარღვევებთან დაკავშირებული პრობლემების გამოვლენის გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „სპეცტექნოექსპორტში“ აუდიტის ჩატარების შესახებ. თავდაცვის სამინისტრომ, კომპანიის საქმიანობის შესამოწმებლად, აუდიტი უკვე დაიწყო. ჩემი განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აუდიტის ჯგუფს მნიშვნელოვანი დაბრკოლებები შეექმნა, მათ შორის - დოკუმენტებსა და ბუღალტრულ სისტემაზე წვდომის შეზღუდვა“.

„მთავარი პრობლემაა დოკუმენტების დედნებზე წვდომის არარსებობა, ინფორმაციის მიწოდების შეფერხება და მოთხოვნებზე არასრული პასუხის გაცემა, რაც ართულებს სრულ აუდიტს, რომელიც 2024 წლის 6 აგვისტოს დაიწყო. ეს არის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან კომპანიის შემოწმების პირველი მცდელობა ბოლო ორი წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ, რაც ეს კომპანია 2022 წელს „უკრობორონპრომიდან“ თავდაცვის სამინისტროს გავლენის სფეროში გადავიდა“.

„ჯერჯერობით არ არსებობს მონაცემები ამ კომპანიის პრობლემური საკითხების გადაწყვეტაზე მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის უშუალო გავლენის შესახებ, ასევე ინფორმაცია კირილ ბუდანოვის მხრიდან რაიმე დაბრკოლების შექმნის თუ გავლენის თაობაზე. ამასთან, სირთულეებია თავდაცვის სამინისტროს აუდიტორულ სამსახურებსა და დაზვერვის მთავარ დირექტორატს შორის თანამშრომლობაში. თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმების პროცედურის დასრულების შემდეგ, ყველა სპეციმპორტიორი კომპანია გაუქმდება და მათი ფუნქციები თავდაცვი შესყიდვების სააგენტოს კომპეტენციაში გადავა, რათა თავიდან იქნას აცილებული ფუნქციების დუბლირება და უზრუნველყოფილი იყოს ეფექტურობა“, - ნათქვამია რუსტემ უმეროვის მიერ „უკრაინსკაია პრავდისთვის“ გაგზავნილ წერილში.

ამ მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელს, კირილ ბუდანოვს „უკრაინსკაია პრავდას“ შეკითხვაზე პასუხი არ ჰქონდა გაცემული.

წყარო: 1tv.ge