ოთხშაბათს, 12 ნოემბერს, ტექნოლოგიური სფეროს მაგნატმა, ილონ მასკმა ევროკავშირისა და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხა თავს.

„თუ დემოკრატია თავისუფლების საფუძველია, მაშინ ევროკავშირის ლიდერს, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, ხალხი პირდაპირ გზით უნდა ირჩევდეს“, - მისწერა ილონ მასკმა ურსულა ფონ დერ ლაიენს სოციალურ პლატფორმა X-ზე. სხვა პოსტში „ტესლასა“ და „სფეის იქსის“ ხელმძღვანელმა დაამატა, რომ „ევროკავშირის ლიდერი“ ევროპულ ბლოკში შემავალი „ხალხის მიერ უნდა იყოს არჩეული“ და „არა კომიტეტის მიერ დანიშნული“.

ამ რეპლიკებით მასკი ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ „ევროპული დემოკრატიის ფარის“ წარდგენას გამოეხმაურა. ეს არის ახალი სტრატეგია, რომელიც ინტერნეტის გზით საგარეო ჩარევის (მათ შორის არჩევნებში) წინააღმდეგ იქნება მიმართული.

„დემოკრატია ჩვენი თავისუფლების საფუძველია. დემოკრატია ჩვენი კეთილდღეობის საფუძველია. დემოკრატია ჩვენი უსაფრთხოების საფუძველია“, - დაწერა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ მედიაში. მან „დემოკრატიის ფარის“ იდეა პირველად გასულ წელს კოპენჰაგენში, დემოკრატიის სამიტზე, საარჩევნო კამპანიის დროს წარადგინა. მაშინ, 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნების წინ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ახალი ვადით არჩევისთვის იბრძოდა.

ევროკომისიის პრეზიდენტს – ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელს, თუმცა არა პირდაპირი მნიშვნელობით „ევროკავშირის ლიდერს“ – ხუთი წლის ვადით წარადგენს და კენჭს უყრის ევროპული საბჭო, რომელიც ევროკავშირის 27 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურისგან შედგება. შემოთავაზებულმა კანდიდატმა ასევე უნდა მოიპოვოს ევროპარლამენტის წევრების ხმები, რომლებსაც ამომრჩევლები თავიანთ ქვეყნებში ირჩევენ. გასულ წელს საჭირო მხარდაჭერის მიღების შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა წელს, ივლისსა და ოქტომბერში, იმპიჩმენტის სამი პროცედურა გადაიტანა.

„დემოკრატიის ფარის“ სტრატეგიის მთავარი ნაწილია „ევროპული დემოკრატიული მედეგობის ცენტრი“, რომელიც დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ევროკავშირის ამჟამინდელი წევრი და წევრობის კანდიდატი სახელმწიფოების გამოცდილებას ეყრდნობა. სხვა ელემენტები მოიცავს მითითებებს არჩევნებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ ან შეეხება ინფლუენსერების გამოყენებას, რათა დაეხმარონ ხალხს ევროკავშირის წესებში გარკვევაში, როგორიცაა, მაგალითად, რეგულაციები ონლაინ კონტენტზე ან პოლიტიკურ რეკლამაზე.

ილონ მასკი, რომელმაც ამ წლის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩევლის ხანმოკლე, მაგრამ თვალსაჩინო როლი შეასრულა, სოციალურ მედია პლატფორმას ხშირად იყენებდა დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და მსოფლიოში პოლიტიკური ლიდერობის შესახებ საკამათო შეხედულებების გასამყარებლად.

ირლანდიაში მასკის პლატფორმის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

12 ნოემბერს ევროპულ დემოკრატიაზე ილონ მასკის მიერ გაკეთებული კომენტარები იმ დღეს დაემთხვა, როდესაც ირლანდიის დამოუკიდებელმა მედია მარეგულირებელმა X პლატფორმის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. „როიტერის“ ცნობით, ამის მიზეზი გახდა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ პლატფორმა მომხმარებლებს კონტენტის ზედამხედველობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობას არ სთავაზობს, მისი შიდა საჩივრების მართვის სისტემები კი ადვილად ხელმისაწვდომი არ არის.

ირლანდიის მარეგულირებელი გამოძიება ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტის (DSA) შესრულების ზედამხედველობის ფარგლებში აწარმოებს. ბევრ მსხვილ ტექნოლოგიურ მულტინაციონალურ კომპანიას ევროპული სათაო ოფისი ირლანდიაში აქვს. ამიტომ, ირლანდიის მედია მარეგულირებელი შეაფასებს, შეესაბამება თუ არა ილონ მასკის X პლატფორმა DSA-ის გარკვეულ დებულებებს. თუ დადგინდა, რომ პროვაიდერი არღვევს DSA-ის წესებს, ირლანდიელ მარეგულირებელს უფლება ექნება, ის წლიური ბრუნვის 6%-მდე ოდენობის თანხით დააჯარიმოს.

„გამოძიების დაწყება განაპირობა ირლანდიის მარეგულირებლის ზედამხედველობის ჯგუფის მიერ გამოთქმულმა შეშფოთებამ, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაცია HateAid-ისა და ერთ-ერთი მომხმარებლის საჩივრის საფუძველზე მოწოდებულმა ინფორმაციამ“, – ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.

„დღეს ჩვენ ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რათა უზრუნველვყოთ მომხმარებლებისთვის უსაფრთხო ონლაინ გამოცდილება მთელი ევროკავშირის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ირლანდიის მარეგულირებლის ციფრული სერვისების კომისარმა, ჯონ ევანსმა. „თუ ეჭვი გვეპარება, რომ პლატფორმა არ ასრულებს ამ ვალდებულებებს, ჩვენ არ დავიხევთ უკან, ჩავერევით და, საჭიროების შემთხვევაში, მივიღებთ აღსრულების ზომებს მომხმარებლების უსაფრთხოების დასაცავად ირლანდიასა და მთელ ევროკავშირში“, - აღნიშნა მან.

ევროკავშირმა, ციფრული სერვისების აქტის (DSA) გამოყენებით, დიდი ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ წნეხი გააძლიერა. ეს აქტი მსხვილი პლატფორმებისგან, როგორიცაა სოციალური ქსელები და საძიებო სისტემები, უკანონო და მავნე კონტენტის გავრცელების შესამცირებლად, მკაცრი ზომების მიღებას მოითხოვს. ასეთი ზომები არ მოსწონს ტრამპის ადმინისტრაციას, რომელმაც DSA გააკრიტიკა და საპასუხო ზომებით დაიმუქრა.

წყარო: "საზოგჰადოებრივი მაუწყებელი"