დეველოპერული კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას განმარტავს, რომ 2022-2023 წლის საგანგაშო მატებისგან განსხვავებით, სტაბილურია 2024-2025 წლები. მისი თქმით, უძრავი ქონების ფასები იზრდება, თუმცა - არა საგანგაშოდ.
„ყოველწლიურად ვხედავთ, რომ ხარჯვითი ნაწილი იზრდება, თუმცა 2024 და 2025 წლები შედარებით სტაბილურია. ფასები მატულობს, მაგრამ არა - საგანგაშოდ. 2022-2023 წლებში რეკორდულად გაიზარდა გასაყიდი ფასიც, რისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილიც თვითღირებულების ძალიან სწრაფი ზრდა გახლდათ. 2022 წელს იყო მასალების ნაწილში ძალიან მკვეთრი ზრდა, 2023 წელს კი - ხელფასების ნაწილში. მიმდინარე პერიოდში ზრდა ფიქსირდება, თუმცა, ეს გარკვეულ ბუნებრივ ჩარჩოებში ჯდება და რამე განსაკუთრებული არ ხდება. განვითარებად ქვეყანაში 7-10%-იანი ზრდა უძრავ ქონებაზე საკმაოდ მისაღებია და ეს საგანგაშო მაჩვენებელი არ არის“, - აცხადებს ბესო ორთოიძე.
მისივე თქმით, არახალი ამბავია, რომ მშენებლობის მიმართულებით საკმაოდ დეფიციტურია კადრები და შესაბამისად, სამშენებლო სექტორში ხელფასების გაცილებით მაღალი ზრდა ფიქსირდება, ვიდრე ნებისმიერ სხვა დარგში.
„არიან კომპანიები, რომლებსაც არარეზიდენტი თანამშრომლებიც ჰყავს, რაშიც გასაკვირი არაფერია. როცა მშენებლობის ტემპები გაზრდილია, ვნახულობთ რა მოცულობებია, რამდენი ნებართვაა გაცემული, ადგილობრივი მუშა-ხელით ამის შესრულება შეუძლებელია“, - განაცხადა რადიო „კომერსანტის“ ეთერში ბესო ორთოიძემ.