უკრაინის და რუსეთის საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კეიტ კელოგმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ადგილად ჟენევა განიხილება. მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უარყო აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის შეთავაზება, რომ ასეთი შეხვედრა ვატიკანში გამართულიყო.
აშშ-ის მთავრობა მიიჩნევს, რომ რუსეთის აგრესიული ომის დასრულების შესახებ მომდევნო მოლაპარაკებები, შესაძლოა, ჟენევაში გაიმართოს. „აშშ ვატიკანს ანიჭებდა უპირატესობას, მაგრამ რუსეთმა ეს არ მოისურვა“, - განაცხადა ტელევიზიით გამოსვლისას კეიტ კელოგმა. „ასე რომ, ვფიქრობ, შემდეგი გაჩერება შეიძლება ჟენევა იყოს“, - აღნიშნა მან. ამ საკითხზე შეთანხმების შემდეგ, უნდა შეირჩეს ადგილი, სადაც კრემლის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი და უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი შეხვდებიან.
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვატიკანი, მოლაპარაკებების სავარაუდო ადგილად, გასულ კვირას, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ახსენა. თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, ვატიკანის „კანდიდატურა“ არ განხილულა. ტრამპთან საუბრის შემდეგ, პუტინმა თქვა, რომ რუსეთს სურს მუშაობა მემორანდუმზე, რომელიც უკრაინასთან კონფლიქტის შესაძლო მოგვარებას შეეხება.
ახლა კი კელოგი ხაზგასმით ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მოსკოვს ამ წინადადებას გადასცემს, შეხვედრა შეიძლება ჟენევაში ჩატარდეს. „სამშვიდობო პირობები უკრაინის მხრიდან მხრიდან უკვე მიღებულია და ახლა იგივეს გაკეთება რუსული მხრიდან არის საჭირო“, - აღნიშნა მან. მისი ამ განცხადების მიუხედავად, მაინც გაურკვეველი დარჩა, წარადგინა თუ არა უკვე კიევმა ახალი დოკუმენტი. კელოგმა მანამდე ასევე თქვა, რომ კიევის სამშვიდობო პირობები უკვე აპრილში, ლონდონში გამართული შეხვედრის შემდეგ იყო ცნობილი.
წყარო: 1არხი