უკრაინამ და ნიდერლანდებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას დრონების ერთობლივი წარმოების შესახებ. უპილოტო საფრენ აპარატებს ორივე ქვეყანაში დაამზადებენ.

ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ამსტერდამსა და კიევს შორის თანამშრომლობის ეს მიმართულება „საერთო უსაფრთხოებას აძლიერებს“.

„ახალი ეტაპი: უკრაინა და ნიდერლანდები დრონების ერთობლივად წარმოებას ორივე ქვეყანაში დაიწყებენ. ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, დენის შმიგალთან ერთად, ხელს ვაწერ ერთობლივი წარმოების შეთანხმებას სახელწოდებით, „აშენე უკრაინასთან ერთად“. ეს აძლიერებს ჩვენს საერთო უსაფრთხოებას, მედეგობასა და ნოვატორობას“, - ნათქვამია ბრეკელმანსის განცხადებაში.

თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, დენის შმიგალმა განმარტა, რომ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების პროცესი უკრაინასა და ნიდერლანდებს შორის გადანაწილდება. მისი თქმით, ნიდერლანდური მხარე შეისყიდის დრონებს და უკრაინის თავდაცვის ძალებს გადასცემს.

უკრაინამ და ნიდერლანდებმა დრონების ერთობლივი წარმოების შესახებ მემორანდუმს ხელი 2025 წლის ოქტომბერში მოაწერეს.

1 დეკემბერს ნიდერლანდების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა PURL-ის (Prioritized Ukraine Requirements List - ანუ „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნილებების სია“) პროგრამის ფარგლებში უკრაინისთვის 250 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ განაცხადა.

30 ნოემბერს, უკრაინისა და ნორვეგიის თავდაცვის მინისტრებმა, დენის შმიგალმა და ტორე სანდვიკმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ასევე უკრაინული დრონების ერთობლივ წარმოებას ითვალისწინებს.

წყარო:1 არხი