რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინა გეოგრაფიული თვალსაზრისით უკვე შეცვლილია, რაც, მისივე თქმით, ადგილზე არსებული ვითარებით დასტურდება.

ამის შესახებ პესკოვმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პესკოვი ამგვარად გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის თანახმადაც, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების შედეგად ქვეყნის ტერიტორიული კონფიგურაცია გარკვეულწილად შეიცვლება.

„გირჩევდით, ეს კითხვები პრეზიდენტ ტრამპისთვის დაგესვათ“, – განაცხადა პესკოვმა, როდესაც ჟურნალისტებმა ტრამპის განცხადების განმარტება სთხოვეს.

„რაც შეეხება უკრაინის ფორმას, გეოგრაფიული თვალსაზრისით ის უკვე სხვა ქვეყანაა. ადგილზე არსებული რეალობა აშკარაა და ნაკლებად სავარაუდოა, ვინმემ ამის უარყოფა შეძლოს“, – თქვა კრემლის წარმომადგენელმა.

მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და უკრაინას „ოდნავ განსხვავებული ფორმა“ ექნება.

რუსეთს ამჟამად უკრაინის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს. უკრაინა და საერთაშორისო საზოგადოების უდიდესი ნაწილი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას არ აღიარებენ. 10-11 ნოემბერს აბუ დაბიში უკრაინის, რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებია დაგეგმილი. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უსაფრთხოების გარანტიები იქნება. მხარეებს შორის კვლავ მნიშვნელოვანი უთანხმოებაა უკრაინის ტერიტორიების მომავალთან დაკავშირებით.

 1tve.ge