თევზისა და ზღვის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "უმალი" აზერბაიჯანში პირველი ექსპორტის განხორციელებას გეგმავს.
როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, გენო ნასყიდაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, თუ აზერბაიჯანის ბაზარი მომგებიანი აღმოჩნდება, სამომავლოდ კომპანია საექსპორტო ბაზრების გაფართოებასაც შეეცდება.
„ჯერჯერობით მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ვართ წარმოდგენილი, თუმცა შესაძლოა ექსპორტზე აზერბაიჯანის ბაზარზე გავიდეთ. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა დაახლოებით ერთ თვეში შევძლოთ ექსპორტის განხორციელება. ძირითადად შებოლილი პროდუქტი აინტერესებთ.
პირველი ბაზარი აზერბაიჯანი იქნება და თუ ეს მცდელობა წარმატებით დასრულდება, ვეცდებით, სხვა ბაზრებზეც გავიდეთ.
ექსპორტის განსახორციელებლად პროდუქტის შენახვის ხანგრძლივი ვადა აუცილებელია. ასეთი ვადა მხოლოდ გაყინულ შეფუთვებში მოთავსებულ პროდუქტს აქვს, თუმცა ამ ეტაპზე მსგავსი შეფუთვის მიმართ ინტერესი არ გამოუხატავთ. პრობლემა სწორედ შენახვის ვადებს უკავშირდება“, - განაცხადა გენო ნასყიდაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, კომპანიამ ორაგულის ჩიფსების წარმოება არასაკმარისი გაყიდვების გამო შეწყვიტა.
„ორაგულის ჩიფსების წარმოება დავიწყეთ, თუმცა გაყიდვებში ვერ გაამართლა და წარმოება შევწყვიტეთ. ლუდის მაღაზიებს ვამარაგებთ, მაგრამ გაყიდვების მოცულობა უმნიშვნელოა. ეს არ არის ის მაჩვენებელი, რომელიც მწარმოებლებს გვაინტერესებს - გაყიდვები ძალიან ცოტაა.
ქსელურ მაღაზიებში ჩვენი პროდუქციის 15-მდე დასახელება იყიდება. ჯამში კი „უმალი“ დაახლოებით 50 დასახელების პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის ძირითადი პროდუქტებია სკუმბრია, ქაშაყი, ქაშაყის ფილე, მოივა და სხვა“, - აღნიშნა გენო ნასყიდაშვილმა.
„უმალი“ ქართულ ბაზარზე 2017 წლის ივლისიდან ოპერირებს. კომპანია თევზპროდუქტებით საქართველოს მთელ ტერიტორიას ამარაგებს. საწარმო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარეობს და ამჟამად მასში 90 ადამიანია დასაქმებული.