ინფლაციის ტენდენციის შემობრუნების გათვალისწინებით, 2026 წლის საშუალო ინფლაციის პროგნოზი გავზარდეთ 5.5%-მდე წინა 5.3%-დან, ხოლო 2027 წელს ინფლაციის 3.2%-მდე შენელებას ველით, - ამის შესახებ ინფორმაციას Galt&Taggart-ი ავრცელებს.
2026 წლის ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები თვიურად 0.9%-ით გაიზარდა და შედეგად წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა (ჩვენს მოლოდინზე მაღალი), წინა თვის 5.6%-იანი ინფლაციის შემდეგ.
„ინფლაციის დაჩქარება იმპორტირებული ინფლაციის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა, რომელიც წლიურად 9.4%-მდე გაიზარდა (სექტემბერში 7.8% იყო), ძირითადად ბენზინისა და დიზელის გაძვირების გამო. ამავდროულად, ადგილობრივ და შერეულ საქონელზე ფასების ზრდა შენელდა და ორივე შემთხვევაში წლიურად 4.7% შეადგინა (სექტემბერში, შესაბამისად, 4.9% და 4.8%). საწვავის გამოკლებით, წლიური ინფლაცია ძირითადად სტაბილური დარჩა. თუმცა, ინფლაციის უფრო მდგრადი კომპონენტები ოდნავ დაჩქარდა: საბაზო ინფლაცია (სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს გამოკლებით) 3.5%-დან 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო მომსახურების ინფლაცია 3.7%-დან 4.0%-მდე. სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, 2026 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: ტრანსპორტი (+21.9% წ/წ; +2.54პპ), სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+3.1% წ/წ; +1.07პპ), კომუნალური მომსახურება (+10.1% წ/წ; +0.98პპ), ჯანდაცვა (+8.4% წ/წ; +0.69პპ), ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (+5.5% წ/წ; +0.36პპ), სასტუმროები და რესტორნები (+7.3% წ/წ; +0.25პპ), განათლება (-12.0% წ/წ; -0.53პპ) და კავშირგაბმულობა (-2.5% წ/წ; -0.08პპ)“, - წერია მიმოხილვაში.