უკრაინა აშშ-თან იმუშავებს მინერალების შესახებ ორმხრივად მისაღები შეთანხმების მისაღწევად, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ კიევში ვიზიტით მყოფ ლიეტუველ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ანდრეი სიბიგამ აღნიშნა, იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით კონსულტაციების ერთი რაუნდი უკვე გაიმართა.
„საგარეო საქმეთა სამინისტრომ 28 მარტს დიპლომატიური არხებით ამერიკული მხარისგან მიიღო მინერალების შეთანხმების ახალი პროექტი. ცნობილია, რომ უკრაინა მზად იყო, ხელი მოეწერა მანამდე შემუშავებულ ჩარჩო-შეთანხმებაზე. ასევე ვადასტურებ, რომ ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს კონსულტაციები შეერთებულ შტატებთან შეთანხმების ტექსტზე. ამ კონსულტაციების ერთი რაუნდი უკვე გაიმართა. უკრაინული მხარე მოწოდებულია, მიაღწიოს დოკუმენტს, რომელიც დააკმაყოფილებს, როგორც შეერთებული შტატების, ისე უკრაინის ინტერესებს“, – თქვა ანდრეი სიბიგამ.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, უკრაინაში ძლიერი ამერიკული ბიზნესი ხელს შეუწყობს ქვეყნის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურას.
„გვჯერა, რომ შეთანხმების ტექსტი, რომელიც უზრუნველყოფს ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლობის გაძლიერებას, ასევე წვლილს შეიტანს უკრაინის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში. ყოველთვის მნიშვნელოვანია უკრაინაში ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლობის გაძლიერება. შესაბამისად, ეს პროცესი გაგრძელდება და ჩვენ ვიმუშავებთ ამერიკულ კოლეგებთან, ორმხრივად მისაღები ტექსტის მისაღწევად“, – თქვა სიბიგამ.
თავის მხრივ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა განაცხადა, რომ ლიეტუვა არასდროს აღიარებს უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას.