მცირე რაოდენობით ალკოჰოლის მიღებაც კი ზრდის დემენციის რისკს. ამის შესახებ იუწყება კომბინირებული დაკვირვებითი და გენეტიკური კვლევა, რომელიც ამ დროისათვის უდიდესია ამ მიმართულებით ჩატარებულთა შორის.
შედეგები ეწინააღმდეგება წინა კვლევებს, რომლებიც აჩვენებდა, რომ მსუბუქი და ზომიერი სმა შეიძლება კოგნიტური დაქვეითებისგან გვიცავდეს.
ახალი კვლევის ავტორები, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი ვარაუდობს, რომ ალკოჰოლზე სრულად უარის თქმა შეიძლება საუკეთესო გზა იყოს ცხოვრებაში მოგვიანებით დემენციის რისკის შესამცირებლად, რადგან ალკოჰოლის მოხმარების ზრდა ემთხვევა ნებისმიერი სახის დემენციის განვითარების ალბათობის ზრდას.
„ჩვენი კვლევის შედეგები ადასტურებს ალკოჰოლის ყველა სახეობის მოხმარების უარყოფით გავლენას დემენციის რისკზე, ვერ მივაგენით მტკიცებულებას, რომელიც მხარს დაუჭერდა ზომიერი სმის დამცავ ეფექტს“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
ჯგუფმა კვლევა დაიწყო 559 559 ზრდასრულ ადამიანზე ბრიტანეთსა და აშშ-ში, რომლებიც კვლევის დაწყებისას 56-დან 72 წლამდე ასაკის იყვნენ. მონაწილეებმა შეავსეს კითხვარი მათი სმის ჩვევების შესახებ; მათ ჯანმრთელობას კი შემდეგი 15 წლის განმავლობაში მეთვალყურეობდნენ.
კვლევის ეს ნაწილი კლასიკური, U-ს ფორმის გრაფიკით დასრულდა: აჩვენებდა, რომ არამსმელებს და მძიმე მსმელებს დემენციის უმაღლესი რისკი ჰქონდათ. ეს კი ემთხვევა ზოგიერთ წინა კვლევას და თითქოს მიუთითებს, რომ ზომიერი სმა დაკავშირებულია დემენციის ყველაზე დაბალ რისკთან.