თურქეთში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 17:00 დაიხურა.

მედიის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, დილის 08:00 საათზე გაიხსნა.

თურქეთის მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება მოქმედ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მთავარ ოპოზიციურ კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს შორის მოუწიათ.

შეგახსენებთ, თურქეთში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 14 მაისს გაიმართა, რა დროსაც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49,52 პროცენტი მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი ხმების 44,88 პროცენტი. ნაციონალისტმა კანდიდატმა, სინან ოგანმა პირველ ტურში მესამე ადგილი დაიკავა და ხმების 5.17 პროცენტი მიიღო. მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურში მხარს მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს უჭერს.