თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ რუსეთი არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა.

"ძვირფასო რუსი მეგობრებო, თქვენ დგახართ მონტაჟების, შეთქმულებების, Deep Fake შინაარსისა და ჩანაწერების უკან. თუ გსურთ ჩვენი მეგობრობის გაგრძელება 15 მაისის შემდეგ, ხელები შორს დაიჭირეთ თურქეთის სახელმწიფოსგან. ჩვენ კვლავ ვემხრობით თანამშრომლობას და მეგობრობას", - წერს ერდოღანის მთავარი კონკურენტი ქემალ ქილიჩდაროღლუ .

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 14 მაისს არის დაგეგმილი. მთავარი მეტოქეები არიან რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ქემალ ქილიჩდაროღლუ. გამოკითხვების უმეტესობის მიხედვით, ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს მცირე უპირატესობით, მაგრამ სავარაუდოა, რომ გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტური იქნება საჭირო.

მემარცხენე ცენტრის პარტია „სამშობლოს“ ლიდერი მუჰარემ ინჯე საარჩევნო რბოლას ხუთშაბათს გამოეთიშა. მისმა გადაწყვეტილებამ, შესაძლოა გააძლიეროს ქილიჩდაროღლუს პოზიცია. ინჯემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის თავის კანდიდატურას "ქვეყნის გამო" იხსნის. როგორც  Associated Press- წერს ადრე მას მწვავედ აკრიტიკებდნენ ექვსპარტიული ოპოზიციური სახალხო ალიანსის მხარდამჭერთა ხმების გაყოფის და მეორე ტურის გამართვის ალბათობის გაზრდის გამო. 

ინჯეს მიერ რბოლის დატოვების შემდეგ პრეზიდენტობის სამი პრეტენდენტი რჩება, მათ შორისაა ATA (წინაპრების ალიანსი) კანდიდატი სინან ოგანი.

დამკვირვებლების აზრით, რუსეთისთვის უფრო მომგებიანია, თუ ხელისუფლებაში ერდოღანი დარჩება, რომელიც მრავალი წელია აქტიურად ურთიერთობს ვლადიმირ პუტინთან. თურქეთი არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიასთან დაკავშირებით. თუმცა ამავდროულად, ეს ქვეყანა უკრაინას აწვდის გარკვეული ტიპის იარაღს – ყველაზე ცნობილია „ბაირაქტარის“ დრონები.

თურქეთმა შუამავლობით გაფორმდა "მარცვლეულის გარიგება" უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის პირობებთან დაკავშირებით, რომელიც დაბლოკილი იყო რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველ თვეებში.