თურქეთის არმია ერაყის ჩრდილო-დასავლეთით, ქურთისტანის რეგიონში 15 კილომეტრის სიღრმეზე შევიდა და ასობით ავიაიერიში განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიაზე დაყრდნობით „პირველი არხი“ ავრცელებს.

გასული თვის ბოლოს თურქეთმა ერაყის ქურთისტანში ასობით ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა გაგზავნა და დაჰუკის რეგიონში აწყობს საგუშაგოებს, ახორციელებს სამხედრო პატრულირებას.

მედიის ცნობით, თურქეთის სამხედრო კამპანია მიზნად ისახავს „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) მუქარის შეკავებას ქურთისტანის რეგიონის საზღვართან.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თურქეთის ოპერაციები ერაყის ქურთისტანში, სულ მცირე, 602 სოფლის მცხოვრებლებს აყენებს იძულებით გადაადგილების საფრთხის ქვეშ, სულ მცირე, 162 სოფელი უკვე დაიცალა. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მარტში განაცხადა, რომ ანკარა ახლოს არის ზონის დასრულებასთან, რომელიც ზაფხულისთვის „სამუდამოდ მოაგვარებს“ უსაფრთხოების საკითხებს ქურთისტანის რეგიონთან და ერაყთან საზღვარზე.

წყარო: „პირველი არხი“