ევროკომისიის (EC) პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ გახანგრძლივება რუსეთზეა დამოკიდებული.
„მის გახანგრძლივებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებაზე ექნება გავლენა”, - განაცხადა მან გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან შეხვედრაზე.
2022 წლის 22 ივლისს, სტამბოლში, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თანდასწრებით, ხელი მოეწერა შეთანხმებას უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო ტრანსპორტირების შესახებ.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს უკრაინის, რუსეთის, გაეროს და თურქეთის წარმომადგენლებმა.
შეთანხმება, რომელიც თურქეთის კოორდინაციით ხორციელდება, გლობალური სასურსათო კრიზისის მოგვარებას ისახავს მიზნად.
ხელშეკრულება პირველად გაგრძელდა 120 დღით 2022 წლის 19 ნოემბრიდან, ხოლო მეორედ, 2 თვით, მიმდინარე წლის 18 მარტიდან.